ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, შესაძლოა, კიდევ ორი კვირა ვერ მიიღონ.

"ჩვენ ახლა ვართ საეტაპო გადაწყვეტილებაზე პარტიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება, რომელმაც უნდა განსაზღვროს შემდგომში არამხოლოდ ამ პარტიის მომავალი, არამედ ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის მომავალზეც. ამიტომ, ვამბობთ ჩვენ, რომ ხვალ და ზეგ არ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და სავარაუდოდ, არც ერთ კვირაში... შეიძლება ორი კვირა, ალბათ [ვერ მივიღოთ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით]", — განაცხადა უდუმაშვილმა პალიტრანიუსთან.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 12 მაისს თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ პარტიაში "მჭიდრო კონსულტაციები" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში მივიდა. დოკუმენტს ამ დრომდე ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა.