ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო 24 საათში მათ იერიში იერიში მიწისქვეშა სამალავებზე მიიტანეს, სადაც ჰამასი იყო გამაგრებული. დღეს, 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰიუმ აღნიშნა, რომ როგორც თქვეს, ისე მოქმედებენ.

"ვთქვი, რომ ჰამასსა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძვირად დაუჯდებოდათ და ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ. ბოლო 24 საათში, ჩვენ იერიში მივიტანეთ მიწისქვეშა სამალავებზე, სადაც ჰამასი იყო გამაგრებული, თუმცა იქ ვერ დაიმალებიან. მათი ლიდერები ფიქრობენ, რომ ჩვენს იერიშს თავს დააღწევენ, თუმცა, ამას ვერ მოახერხებენ. ყველგან მივწვდებით, ყოველ მათგანს და ასე განვაგრძობთ. ისინი დღესასწაულზე დაგვესხნენ თავს. იერიში მიიტანეს ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენს ქალაქს რაკეტები დაუშინეს. ამისთვის კი ძალიან მწარე საფასურს იხდიან და კვლავ გადაიხდიან. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს უსაფრთხოება დავუბრუნოთ", — განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

მან, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ევროპის ლიდერებს მადლობა გადაუხადა.

"ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ბაიდენს და სხვა მეგობრებს — საფრანგეთის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ავსტრიისა და გერმანიის კანცლერებს და დანარჩენებს. მათ მხარი დაუჭირეს ჩვენს ბუნებრივ და ხელშეუვალ უფლებას, დავიცვათ საკუთარი თავი, ვიმოქმედოთ თავდასაცავად იმ ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და იმალებიან კიდეც მათ შორის. ეს მათ ვერ დაეხმარება, ჩვენ კი მოქმედებას განვაგრძობთ", — აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.

იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.

სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

გაიგეთ მეტი: