სასაზღვრო პოლიციის მიერ დაკავებული ორი ემიგრანტის გათავისუფლებას გლაზგოში შეკრებილი დემონსტრანტები ოვაციებით შეხვდნენ. პროტესტის 200-მდე მონაწილეს მთელი დღის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული ფურგონი, რომელშიც დაკავებულები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დემონსტრანტი მანქანის ქვეშაც კი შეძვრა, რათა ტრანსპორტი არ დაძრულიყო.

ფოტო: Andrew Milligan / PA

"ისინი ჩვენი მეზობლები არიან, გაუშვით", — სკანდირებდნენ შეკრებილები.

მათგან ერთ-ერთი იყო როზა სალი, რომელიც თავადაც ქურთი ემიგრანტია. მან ჯერ კიდევ 2005 წელს, თავის თანაკლასელებთან ერთად, დააფუძნა კამპანია, რათა სკოლის მეგობრების დეპორტაციას დაპირისპირებოდა. სალი აღნიშნავს, რომ გლაზგოს მცხოვრებლების მიერ ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების მიმართ გამოხატული სოლიდარობით გაოცებულია. დემონსტრანტების ლოზუნგის — "ლტოლვილებს აქ გულთბილად ხვდებიან" — პასუხად სალი ამბობს, რომ "ეს საზოგადოების გამარჯვებაა".

ფოტო: Jeff J Mitchell / Getty Images

ბრიტანეთის საემიგრაციო პოლიტიკის გათვალისწინებით, შოტლანდიის პოლიციამ გაურკვეველი სტატუსის მქონე ემიგრანტები ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ უბანში, ეიდ-ალ-ფიტრის დროს დააკავა, რომელიც რამადანის დასრულების აღსანიშნავი დღესასწაულია მუსლიმებისთვის.

მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაათავისუფლეს, თუმცა, დემონსტრანტები ასე არ მიიჩნევენ.

"ქალაქი შეეშალათ", — ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, პინარ აკსუ, — "ეს არის იმ ადამიანების მხარდაჭერით გამოწვეული რევოლუცია, ვისაც სხვებმა ზურგი აქციეს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. იგივე განმეორდება, როცა გლაზგოში რეიდი კვლავ ჩატარდება".

სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს პოლიტიკოსებმაც; ნაწილმა რეიდის ორგანიზატორი სახელმწიფო ორგანოს ქმედება დაგმო კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ შოტლანდიაში ემიგრანტებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რის შემდეგაც პარლამენტს ამჟამად ყველაზე მრავალფეროვანი კუთვნილების მქონე წევრები ჰყავს. მათ დადებული აქვთ ფიცი ბრიტანულ ჟესტურ ენაზე, არაბულად, ურდუზე, პენჯაბურად, შოტლანდიურად, გელურად, უელსურად, დორიულ და ორკნის დიალექტებზე.