კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, საქართველოში პირველად, თბილისსა და ქუთაისში "მამების სკოლა" იხსნება. პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიზრუნოთ ერთად" ინიციატივით შეიქმნა.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს.

"მამების სკოლის" პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს, მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის შესახებ და ასევე იმ სტერეტიპების და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს", — ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა. სკოლაში სწავლა უფასოა და დაინტერესებული მამები მონაწილეობას ონლაინ რეგისტრაციის საშუალებით შეძლებენ.

"მამების სკოლა" რვა ძირითადად სესიას მოიცავს და თითოეულის ხანგრძლივობა ორი საათია. სესიები ტარდება შემდეგ თემებზე:

  • როგორ შევარჩოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;
  • როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;
  • როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;
  • როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;
  • როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;
  • როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ "მამების სკოლის" ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართული. სკოლაში ჩართულ მამებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს, და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

"გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი მამა იყოს აქტიურად ჩართული შვილების აღზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კაცები თანაბრად ინაწილებდნენ ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმის პასუხისმგებლობას, რადგან ჰარმონიული საზოგადოების შექმნის საფუძველი სწორედ ასეთი ცვლილებებია, ცვლილებები, რომელიც ადამიანებს საზიანო სოციალური ნორმებისგან და სტერეოტიპებისგან ათავისუფლებს", — ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

"მამების სკოლა" დაფუძნდა პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.