შეიძლება თუ არა, რომ საუბრისას აწმყოს ნაცვლად მომავალი დროის გამოყენებამ მომავლის აღქმაზე და ჩვენს ქმედებებზეც კი იქონიოს გავლენა? ამ შეკითხვაზე პასუხს მწერალი ჯეიმს ჰარბეკი საპირ-უორფის თეორიის დახმარებით ეძებს.

რა იქნებოდა, რომ დროის თქვენეული აღქმა იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რომელ ენაზე მეტყველებთ? შეიძლება, ეს მაგიური რეალიზმივით ჟღერს, თუმცა სინამდვილეში, ამ დაშვებას ეკონომიკასთან უფრო მეტი კავშირი აქვს. იელის მეცნიერის, კით ჩენის 2013 წელს გამოქვეყნებული ნაშრომისა და სამი ავსტრალიელი ეკონომისტის 2018 წლის კვლევის თანახმად, იმ ენებზე მოსაუბრეები, რომლებშიც მომავალი დრო გრამატიკულად აწმყოსაგან განცალკევებულია, გეგმებს ნაკლებად აწყობენ, ნაკლებად ეკონომიურები არიან და გარემოს დაცვაც ნაკლებად აინტერესებთ.

ამის წაკითხვისას ალბათ ათასობით ლინგვისტი თვალებს გადაატრიალებდა და ამოოხვრით იტყოდა, უორფის თეორიის შესახებ ყველას გვსმენიაო.

ბენჯამინ ლი უორფი ხანძრისგან დაზღვევის კომპანიაში ინსპექტორად მუშაობდა, როცა შეამჩნია, რომ ენას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეეძლო. მაგალითად, ხალხი ბენზინის ცარიელ ავზებს დაუდევრად ეპყრობოდა, რადგან დასახელებაში სიტყვა "ცარიელი" გამოიყენებოდა. არადა, ავზები ბენზინის ორთქლით იყო სავსე, რომელიც ფეთქებადია. ამგვარმა შემთხვევებმა უორფს ენის კვლევისა და მასზე წერისაკენ უბიძგა.

ფოტო: Edouard Taufenbach / Gallery Binome

უორფმა დიდი დრო გაატარა ჩრდილო-აღმოსავლეთ არიზონაში მცხოვრებ ჰოპის ტომთან და შენიშნა, რომ ისინი წარსულსა და მომავალს გრამატიკულად არ განარჩევდნენ და არც დროის მონაკვეთების განმსაზღვრელი სიტყვები გააჩნდათ. უორფი მათ კულტურულ ჩვეულებებს დააკვირდა და დაასკვნა, რომ ჰოპის ტომი დროს საკმაოდ განსხვავებულად აღიქვამდა და ჩვენთვის ისეთი ნაცნობი ცნებები, როგორიცაა, "ხვალ მომდევნო დღე არის", მათთვის არაფერს ნიშნავდა.

1939 წელს ამ იდეებზე გამოქვეყნებულმა ნაშრომმა ენის ფილოსოფიაში გადატრიალება გამოიწვია. უორფისა და მისი მასწავლებლის, იელის პროფესორის, ედვარდ საპირის იდეებისაგან ლინგვისტური რელატივიზმის თეორია ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს საპირ-უორფის თეორიის სახელითაა ცნობილი. თეორიის ყველაზე მსუბუქი ფორმის მიხედვით, ჩვენი მშობლიური ენა ჩვენს აზროვნებაზე გავლენას ახდენს; ხოლო ყველაზე რადიკალურ ფორმას თუ დავუჯერებთ, ისეთ ცნებებზე, რომელთა გამოხატვაც ჩვენს ენას არ შეუძლია, ვერც კი ვიფიქრებთ.

დროთა განმავლობაში უორფის იდეებში ეჭვის შეტანა დაიწყეს. 1983 წელს კი მკვლევარმა ეკეჰარტ მალოტკიმ ჰოპის ტომისა და მათი ენის შესახებ სქელტანიანი ნაშრომი, ჰოპის დრო გამოაქვეყნა. კვლევამ უორფისეული მონაცემები და თეორია ნაბიჯ-ნაბიჯ და მეთოდურად გააცამტვერა. საპირ-უორფის თეორიის რადიკალური ფორმის ამგვარმა გაბათილებამ ყველა იმ იდეისადმი გამოიწვია უნდობლობა, რომელიც ზოგადად ლინგვისტურ რელატივიზმს ეხებოდა.

თუმცა, უორფი იმაში ნამდვილად არ ცდებოდა, რომ სახელწოდებებს ადამიანების ქცევაზე დიდი გავლენა აქვს. ყველამ, ვისაც გაყიდვებში ან მარკეტინგში უმუშავია, იცის, როგორ განსხვავებულად აღიქვამს ადამიანი ერთსა და იმავე საგანს, როცა მას "მეორადს", "ვინტაჟურს" ან "ანტიკვარულს" ვუწოდებთ.

ფოტო: Edouard Taufenbach / Gallery Binome

ბოლო წლებში რამდენიმე ლინგვისტურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ლექსიკონი ჩვენივე აზროვნებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ფსიქოლოგის, მარია სერას ექსპერიმენტების მიხედვით, იმ ენებზე მოსაუბრეებისთვის, რომლებშიც უსულო საგნებს სქესი მიეწერებათ, ამ ნივთებისადმი დამოკიდებულებაც შესაბამისად იცვლება. მაგალითად, როცა ენაში ჩანგალი მდედრობითი სქესისაა, მას ფემინურობასთან ასოცირებული ტერმინებით აღწერენ. იმ ენებზე მოსაუბრეები კი, რომლებშიც ჩანგალი მამრობითი სქესისაა, მას უფრო მასკულინობასთან დაკავშირებული ზედსართავებით ახასიათებენ.

ის ვართ, რასაც ვამბობთ

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლერა ბოროდიტსკიმ მნიშვნელოვანი მონაცემები შეკრიბა იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მეტყველების ფორმები აზროვნებაზე. მაგალითად, ისეთ ენებზე მოლაპარაკე ხალხს, რომლებშიც ფერთა სპექტრზე მონათესავე ორ ტონს საერთო სახელი აქვთ, უფრო უჭირს ამ ფერების ერთმანეთისგან გარჩევა, ვიდრე იმ ენებზე მოსაუბრეებს, რომლებშიც ორივე ფერს საკუთარი სახელი ჰქვია. ასევე, მანდარინზე მოსაუბრეები დროს ვერტიკალურად წარმოისახავენ, ინგლისურად მოლაპარაკენი კი ჰორიზონტალურად — თუმცა თითოეულ ენაში საპირისპირო მეტაფორის გამოყენებაა შესაძლებელი, რადგან შესაბამისი სიტყვები ორივეგან არსებობს.

ცალკე საკითხია, შეუძლიათ თუ არა ზმნის ფორმებს ჩვენს აზროვნებაზე გავლენის მოხდენა. ქეითლინ ფაუსისა და ტინი მეტლოკის თანახმად, ფრაზები, "პოლიტიკოსი შემოწირულობებს აგროვებდა" და "პოლიტიკოსმა შემოწირულობები შეაგროვა", მსმენელში ხარისხობრივად განსხვავებულ დამოკიდებულებებს აჩენს. კერძოდ, პირველი ფრაზა გვაფიქრებინებს, რომ პოლიტიკოსმა იმაზე მეტი თანხა შეაგროვა, ვიდრე ამას მეორე წინადადების მოსმენისას ვიფიქრებდით. მანუელ კარირასმა მკვლევართა ჯგუფთან ერთად დაადგინა, რომ როცა ადამიანთა აღწერილობებს ვკითხულობთ, იმ თვისებებს უფრო მარტივად ვიხსენებთ, რომელიც მათ აწმყო დროში მიეწერებათ, ვიდრე იმათ, რომლებიც, ტექსტის თანახმად, მათ წარსულში ჰქონდათ. მაშ, რატომ არ შეიძლება, რომ ენაში არსებული ზმნის ფორმები გავლენას ახდენდეს იმაზე, თუ როგორ გეგმავენ ადამიანები მომავალს — თუნდაც ფინანსური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით?

ფოტო: Edouard Taufenbach / Gallery Binome

თუმცა, როგორც ცნობილმა ლინგვისტმა, რომან იაკობსონმა თქვა, "ენები იმით განსხვავდებიან, რასაც უნდა გადმოსცემდნენ და არა იმით, რაც შესაძლებელია, რომ გადმოსცენ". გაი დოიჩერი წიგნში, ენის მიღმა, ბრაზილიის მაცესის ტომზე წერს, რომლის წევრებიც ზმნის ფორმებს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, მოსაუბრე კონკრეტულ მოვლენას პირადად შეესწრო, მის შესახებ ფაქტებზე დაყრდნობით ივარაუდა, დაუსაბუთებლად ივარაუდა თუ სხვებისგან გაიგო. ინგლისურში მსგავსი განსხვავებების გამომხატველი გრამატიკული ფორმები არ არსებობს. ნიშნავს ეს იმას, რომ ინგლისურ ენაზე მოსაუბრეებს მაცესების ტომზე ნაკლებად ადარდებთ მტკიცებულებათა არსებობა? და თუკი მართლაც ნაკლებად ადარდებთ, ენა იწვევს ამას თუ პირიქით, განსხვავებული პრიორიტეტებმა გამოიწვია ენის ამგვარად განვითარება? სასაუბრო ფრანგული "გავაკეთეს" და "გამიკეთებიას" ერთმანეთისგან არ განასხვავებს, ნიშნავს ეს იმას, რომ ფრანგები წარსულს განსხვავებულად აღიქვამენ?

ეს კითხვები ეკონომიკის დარგში შესრულებულ კვლევებთან გვაბრუნებს. მათ მიხედვით, იმ ენებზე მოსაუბრეები, რომლებშიც მომავალი დრო მკაფიოდაა განსაზღვრული, მომავალს ოდნავ ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თუმცა, როგორც ლინგვისტმა მარკ ლიბერმანმა აჩვენა, კავშირი რომელიც კონკრეტულ კულტურებთან ასოცირებულ ქცევებსა და კონკრეტულ ენებზე მეტყველებას შორის არსებობს, კულტურათა მონათესაობითა და გავრცელებით შეიძლება აიხსნას. ჩენის 2013 წლის კვლევის 2015 წლის ანალიზით დადგინდა, რომ თუკი ენათა ოჯახების ნათესაობას გავითვალისწინებთ, აღნიშნული კორელაცია სტატისტიკურად უმნიშვნელო ხდება. ორენოვან ქვეყნებში ენა, რომელზეც ოჯახის წევრები მეტყველებენ, მომავლისადმი მათ დამოკიდებულებასთანაა კორელაციაში. თუმცა, როგორც ჯული სედივი აღნიშნავს, ოჯახები კონკრეტულ ენაზე საუბარს შესაბამისი კულტურისადმი სიმპათიის გამო შეიძლება ირჩევდნენ.

ფოტო: Edouard Taufenbach / Gallery Binome

აღნიშნული კვლევების ანალიზისას მეცნიერთა მიერ ენათა კლასიფიკაციაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. კერძოდ, მათ თანახმად, ინგლისური ენა მომავალი დროის ფორმებს მკაცრად საჭიროებს გერმანულთან, ფინურთან და მანდარინთან შედარებით, რომლებზე მოსაუბრეებიც მომავალზე ლაპარაკისას ძირითადად აწმყო დროის ფორმებს იყენებენ. თუკი მომავალი დროის მსუბუქი ფორმების მქონე ენებში ვამბობთ, "ამ საღამოს შეხვედრა მაქვს", "დღეს საყიდლებზე მივდივარ", "ხვალ პარიზში მივფრინავ", ინგლისურად ვიტყოდით, "ხვალ საღამოს შეხვედრა მექნება"; "დღეს საყიდლებზე წავალ", "ხვალ პარიზში გავფრინდები".

აქ ერთი პრობლემაა: ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე მრავალი ადამიანი მომავალზე საუბრისას აწმყო დროის ფორმებსაც თავისუფლად იყენებს. როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ თუ ფრაზის, "ხვალ ბანკში წავალ", ნაცვლად ვიტყვით, რომ "ხვალ ბანკში მივდივარ", უფრო ეკონომიურები გავხდებით? ჩენმა თავისი კლასიფიკაციის გასამყარებლად ამინდის პროგნოზში გამოყენებული დროის ფორმები მოიშველია, თუმცა არაგონივრულია, ენა ერთი იდიომატური კონტექსტით განვაზოგადოთ.

ფოტო: Edouard Taufenbach / Gallery Binome

თუმცა, ინგლისური ენა ამ მხრივ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს. კვლევებში მოხსენიებული მომავალი დროის მტკიცე ფორმების მქონე სხვა ენები, მაგალითად, ფრანგული, იტალიური და ესპანური, მომავლის ფორმებს ყოველთვის და აუცილებლად ზმნით განსაზღვრავენ. მეორე მხრივ, პირაჰას ტომი, ამაზონის კულტურები ან აფრიკელი ჰაძას წარმომადგენლები აწმყო და მომავალ დროებს ზმნის უღლების პროცესში სულაც არ განასხვავებენ, მაგრამ არც მომავალისათვის ეკონომიას ეკიდებიან პასუხისმგებლობით. რაც უფრო მეტ კონტრმაგალითს დავასახელებთ, მით უფრო ნაკლებ დამაჯერებელი გახდება კორელაციის ლინგვისტური ახსნა.

ანდაც, რატომ უნდა გვეხმარებოდეს აწმყოსა და მომავალზე ერთი და იმავე სიტყვებით საუბარი უკეთ დაგეგმვაში? უფრო ლოგიკური არაა, რომ პირიქით იყოს? თუკი ენას წარსული დრო არ გააჩნია, განა მასზე მოსაუბრეები უფრო მეტად იქნებიან ისტორიით დაინტერესებული? ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებში წარსული დროის გამოყენება აუცილებელია, როცა მანდარინი და სხვა ჩინური დიალექტები დროს საერთოდ არ აკონკრეტებენ. განა ჩინელებს უფრო ადარდებთ წარსული, ვიდრე ფრანგებს, იტალიელებს ან ინგლისელებს?

აშკარაა, რომ ენათა სპეციფიკას ჩვენი აზროვნების განპირობება შეუძლია. თუმცა როცა ენაში გარკვეული ცნება არ გამოიხატება, საკითხზე უფრო დიდხანს დაფიქრებით მისი გამოთქმა მაინც შეგვიძლია. გამორიცხული არაა, ენაში დროის განსაზღვრება მართლაც ახდენდეს გავლენას წარსულისა და მომავლის ჩვენეულ აღქმაზე, თუმცა ამის დამამტკიცებელი წყალგაუვალი მონაცემები ჯერ არ არსებობს.