სომხეთის აზერბაიჯანს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 12 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს საზღვარი და სომხეთის სიღრმეში სევის ტბასთან, 3,5 კილომეტრით სიღრმეში შევიდნენ.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, რომ 13 მაისს აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე კიდევ ორი მხრიდან შევიდნენ და სისიანისა და ვარდენისის მიმართულებით წაიწიეს.

ბაქოში აცხადებენ, რომ რეგიონში დაძაბულობის მოხსნისკენ არის მიმართული. გარდა მათ ერევანი არაადეკვატურ და პროვოკაციულ ქცევაში დაადანაშაულეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარმა მხოლოდ თავისი პოზიციები დაიკავა, რომელიც არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და რელიეფის გამო აქამდე მისაწვდომი არ იყო. აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ ეს ნაბიჯები იმ რუკების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ორივე მხარეს აქვს.

საზღვართან არსებულ ვითარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა. მაკრონმა სოლიდარობა გამოუცხადა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, დატოვოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორია.