ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორს საჰაერო და სახმელეთო ძალებით უტევენ. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

ისრაელის მხრიდან ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმვალობაში ვრცელდებოდა.

როგორც The Time of Israel წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ტანკებისა და საარტილერიო ძალებით მასიური ბომბდამშენებით უტევენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე სამიზნეებს.

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისინი ჰამასს ძლიერ დარტყმას აყენებენ და ოპერაცია იმდენხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა. მისივე თქმით, ქვეყანა ახლა ორ ფრონტზე იბრძვის — ერთი ღაზის სექტორია, მეორე კი ებრაულ-არაბული კონფლიქტები ქვეყნის შიგნით. მან დაიფიცა, რომ წესრიგს დაამყარებს და ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, "კანონის საკუთარ ხელში არ აიღონ".

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის სიახლოვეს, ზღვაში სამი რაკეტა გაუშვა ლიბანმა.

ისრაელის მთავარ აეროპორტში, ბენ გურიონში რეისები გაუქმებულია. თავდაცვის ძალებში 9 000 რეზერვისტი გამოიძახეს.

ჰამასის ინფორმაციით, ორშაბათის შემდეგ 100-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ისრაელში კი ამბობენ, რომ შვიდი შეტაკებების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.

სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

ამავე თემაზე: