ისრაელელი მსახიობისა და მოდელის, გალ გადოტის, ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულ სიტუაციას ეხებოდა, ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. პოსტში გადოტმა აღნიშნა, რომ "ისრაელი თავისუფლად და მშვიდად ცხოვრებას იმსახურებს".

"გულგატეხილი ვარ. ჩემი ქვეყანა ომშია. ოჯახზე, მეგობრებსა და ჩემს ხალხზე ვდარდობ. ეს ის მანკიერი წრეა, რომელიც დიდი ხანია, ჩვენ გარშემოა. ისრაელი თავისუფლად და მშვიდად ცხოვრებას იმსახურებს. იმავეს იმსახურებენ ჩვენი მეზობლები. ვლოცულობ მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისთვის, ვლოცულობ, რომ ამ წარმოუდგენელ შუღლს ბოლო მოეღოს. ვლოცულობ, რომ ჩვენმა ლიდერებმა გამოსავალი იპოვონ, რათა ერთად და მშვიდობიანად შევძლოთ ცხოვრება. ვლოცულობ უკეთესი დღეებისათვის".

ტვიტის გამოქვეყნებიდან მალევე გადოტმა არაერთი კრიტიკული და გაცხარებული კომენტარი მიიღო, საბოლოოდ კი, პოსტზე დაკომენტარების ფუნქცია გაითიშა. მიუხედავად ამისა, მსახიობმა შექება დაიმსახურა რამდენიმე ცნობილი ადამიანისგან, მათ შორის, ამერიკელი პოლიტიკოსისა და ტეხასის შტატის სენატორის, ტედ კრუზისგან, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული კონფლიქტი "ბაიდენის გაურკვეველი პოზიციის" პირდაპირი შედეგია.

ფოტო: Dia Dipasupil / Getty Images

გადოტი, რომელმაც Wonder Woman განასახიერა, წარსულში მის ისრაელი იყო. მას აგრეთვე გავლილი აქვს ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური.

2019 წელს მსახიობი რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როცა ისრაელის არაბული პარტიების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მწვავე განხილვაში ჩაერთო. "შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი", — განაცხადა გადოტმა მაშინ. ამის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი "თავისი ყველა მოქალაქის სახელმწიფო არაა". ამგვარად მან არაბულ მოსახლეობაზე მიუთითა, რომელიც იმ დროისათვის ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხი წლის წინ, ლიბანში Wonder Woman-ის კინოთეატრში ჩვენება პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე აკრძალა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ისრაელელი იყო.

გადოტი კრიტიკის ობიექტად იქცა შარშანაც, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ახალ ფილმში იგი კლეოპატრას როლს შეასრულებდა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის აზრით, ძველი ეგვიპტის დედოფლის როლი ისრაელელმა მსახიობმა არ უნდა შეასრულოს.