ჰარი პოტერის ავტორმა, ჯოან როულინგმა, ინდოეთის დასახმარებლად თანხა გადარიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, Khalsa Aid, ავრცელებს. ორგანიზაცია, რომელიც გაუარესებულ ეპიდსიტუაციაში მყოფ ინდოეთს ეხმარება, აცხადებს, რომ მწერლის საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული შეწირულობა ექვსნიშნა რიცხვს შეადგენს.

"მოხარულები და მადლიერები ვართ, რომ ჯოან როულინგისა და The Volant Charitable Trust-ისგან ინდოეთში კორონავირუსთან გასამკლავებლად სოლიდური, ექვსნიშნა შეწირულობა მივიღეთ. ვაფასებთ ჩვენი ჰუმანიტარული სამუშაოს მხარდაჭერას", — წერს ორგანიზაცია ტვიტერზე.

ტვიტს გამოეხმაურა როულინგიც და, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მკითხველებს.

"კიდევ ერთხელ ვუხდი უდიდეს მადლობას ყველას, ვინც The Ickabog-ის ეგზემპლარი შეიძინა. ამის შედეგად, ჩემი საქველმოქმედო ფონდი განაგრძობს პანდემიით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას", — წერს მწერალი.

The Ickabog როულინგის გასულ წელს გამოცემული წიგნია, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება საქველმოქმედო საქმიანობაში.

ფოტო: Andrew Matthews / AP

ჯოან როულინგი მსოფლიო ბესტსელერის — ჰარი პოტერის სერიის — ავტორია, რომელიც მსოფლიოში 500 მილიონ ეგზემპლარადაა გაყიდული. სერიის მიხედვით გადაიღეს ბლოკბასტერების სერიაც, რომელმაც ჯამში $7,7 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.

მწერალს ასევე გამოცემული აქვს წიგნი ზრდასრულებისთვის — The Casual Vacancy (2012) — და დეტექტიური რომანების სერია რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით.

ცოტა ხნის წინ როულინგმა კიდევ ერთი საბავშვო წიგნი — The Christmas Pig — დააანონსა, რომელიც ოქტომბერში გამოიცემა.