ისრაელის თავდაცვის ძალები მებრძოლი სამხედროსთვის დასვენების დღეებს აუქმებს, რადგან შესაძლოა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Time of Israel ავრცელებს.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჰიდაი ზილბერმანმა გამოცემას უთხრა, რომ მათ 7 000 რეზერვისტი გამოიძახეს. მისივე თქმით, რეზერვისტების ნახევარი საჰაერო, საარტილერიო ძალებისა და სამედიცინო დანაყოფების წარმომადგენელია, ხოლო მეორე ნახევარი ადმინისტრაციული და სადაზვერვო პოზიციებზე მსახურობს.

ისრაელი ღაზის სექტორის საზღვართან სამხედრო დანაყოფებს განალაგებს. როგორც განმარტავენ, ამის მიზეზი "ყველა გაუთვალისწინებელ ვითარებასა და ესკალაციისთვის " მზადყოფნაა.

ბოლო ინფორმაციით, ორშაბათის შემდეგ ისრაელში 7 ადამიანი დაიღუპა, პალესტინაში კი 83 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი. როგორც BBC წერს, ესკალაციამ ისრაელში ებრაელებსა და არაბებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ვითარება რამდენიმე დღეა დაძაბულია. 10 მაისს დაჯგუფება ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც.

სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით პალესტინელი ახალგაზრდები ქუჩებში გამოვინენ — დაწვეს სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

ამავე თემაზე: