ნეირომეცნიერებმა რეკორდულ დროში კოგნიტური სიგნალები ტექსტურ შეტყობინებად თარგმნეს. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა ეს ახალი მეთოდის გამოყენებით მოახერხეს, რითაც პარალიზებულ ადამიანს 90 სიმბოლოიანი ტექსტის შექმნის საშუალება მისცეს. კაცს ამისთვის 1 წუთი დასჭირდა.

ტვინისა და კომპიუტერის ახალმა ინტერფეისმა ფიქრით ტექსტის შექმნის სიჩქარე გააორმაგა

სისტემა შეიქმნა BrainGate-ის მიერ, რათა შეზღუდული მეტყველების და მოტორიკის მქონე ადამიანებს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის საშუალება მიეცეთ. ახალი მოწყობილობის გამოყენებით, ტვინში აზრებით წარმოქმნილი სიგნალები რეალურ დროში ტექსტად ითარგმნა, რის შედეგადაც პარალიზებულმა ადამიანმა წუთში 16 სიტყვის დაწერა შეძლო. BrainGate ამ მხრივ მსოფლიო ლიდერია, რომელიც ტვინისა და კომპიუტერული ინტერფეისების განვითარებას ახდენს.

პროექტზე სტენფორდის და ჰოვარდ ჰიუზის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობდნენ. მათ შეძლეს და 2017 წელს შექმნილი ტექნოლოგია განავითარეს და მისი ეფექტიანობა გააორმაგეს.

ტვინისა და კომპიუტერის ახალი ინტერფეისი პერსპექტიულია, თუმცა ინვაზიურია

კვლევაში 65 წლის კაცი მონაწილეობდა, რომელმაც ათი წლით ადრე ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც პარალიზებულია.

"ექსპერიმენტის ფარგლებში ინვაზიური მეთოდით, მამაკაცის თავში, ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც მოტორიკაზეა პასუხისმგებელი, ორი 4x4 მილიმეტრის ზომის სენსორი მოთავსდა. ამ ელექტროდებს ნეირონების სიგნალების ჩაწერა შეუძლიათ. საბოლოოდ, ეს კომპიუტერით იშიფრება და სიგნალებს ტექსტობრივი ფორმა ეძლევა“, — ამბობენ მკვლევრები.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრისთვის ოპერაციაა საჭირო, სისტემის გამოყენებას ართულებს. ამასთან, მანქანური სწავლების მეთოდი, რომელსაც სისტემა იყენებს უნივერსალური არ არის და მისი მორგება ინდივიდუალურად რთული იქნება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მსგავსი სისტემების ყოველდღიურობაში შემოსვლა ჯერ შორს არის, მაგრამ პროგრესი აშკარაა და ალბათ, ტვინის იმპლანტების ეპოქაც მალე დადგება.