უამრავი ადამიანისთვის ბავშვობა ანიმაციური ფილმის Monsters, Inc.-ის გარეშე წარმოუდგენელია. ურჩხულები, რომლებიც ელექტროენერგიას ბავშვების შეშინებით იღებენ — სალის, მაიკისა და პატარა ბოს ისტორია დღემდე უამრავი მაყურებლის საყვარელი ანიმაციაა.

საბედნიეროდ, ჩვენი საყვარელი ანიმაციის გაგრძელების ხილვის შესაძლებლობა გვაქვს. Disney+ ისტორიის სპინ ოფს, ანიმაციურ სერიალს სახელად Monsters At Work უშვებს. ახალი სერიალის პირველი ფოტო ექსკლუზიურად IGN-მა მოიპოვა და გაავრცელა.

ფოტო: Disney

ანიმაციური სერიალი პირველად 2017 წელს 2020 წლისთვის დაანონსდა, თუმცა პრემიერა 2021 წლისთვის გადაიდო.

Monsters At Work-ში მოქმედება იმ დღის შემდეგ ვითარდება, რაც მონსტრების კორპორაცია ქალაქ მონსტროპოლისისთვის ელექტროენერგიის მომარაგებას ბავშვების სიცილიდან იწყებს. ამის მიზეზი მაიკისა და სალის აღმოჩენაა, რომლის მიხედვითაც, სიცილით, ტირილთან შედარებით, ათჯერ მეტი ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი. ახალი სერიალი ტაილერ ტასკმონის, ახალგაზრდა მონსტრის შესახებ გვიამბობს, რომელმაც მონსტრების უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა და ყოველთვის ოცნებობდა, შემშინებელი ყოფილიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც საოცნებო ადგილას მუშაობის შესაძლებლობა ეძლევა, აღმოაჩენს, რომ ენერგიის მოსაპოვებლად შეშინების ნაცვლად, სიცილი გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ ძველი პერსონაჟებიდან სალისა და მაიკ ვაზოვსკისაც ვიხილავთ. ანიმაციური სერიალის პრემიერა Disney+-ზე 2 ივლისს შედგება.