თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შეიმუშავეს ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. მისი თქმით, ამ რეფორმის მიზანია სავალდებულო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია.

"ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა", — განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრს დღეს, 13 მაისს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.