ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ყველა პარტიას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შევიდნენ და საარჩევნო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემების რეფორმებზე მუშაობა გააგრძელონ.

"ბატონი მელიას ციხიდან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 19 აპრილის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, რადგან ეს საკითხი სწორედ ამ შეთანხმების ბირთვი იყო. მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და დეპუტატს, შევიდნენ პარლამენტში და გულმოდგინე მუშაობით დაასრულონ ამ შეთანხმების შესრულება.

მოხარულები ვართ, რომ გრძელდება დისკუსია საარჩევნო რეფორმაზე, რაც ასევე შეთანხმების ცენტრალური ნაწილია. ეს უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლის სრული ნდობის პირობებში. 19 აპრილის შეთანხმების, ასევე, ცენტრალური კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი და მთლიანად მართლმსაჯულება პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდნენ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მსჯელობა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებზე", — თქვა მან [ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი].

ნიკა მელიამ რუსთავის #12 ციხე 10 მაისს დატოვა. მისი გათავისუფლება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს დადებული შეთანხმების ნაწილი იყო. თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში მივიდა. დოკუმენტს ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა.