ლელოს ფრაქციის წევრის, სალომე სადამაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში დაიბარებენ და ჰკითხავენ, რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველო რეალურად გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. ასე უპასუხა მან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეთავაზებას, ოპოზიცია საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციას შეუერთდეს.

"მრავალი წელიწადია ქართული ოცნება აცხადებს რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ დაიწყო მსჯელობა, საქართველოზე არავინ საუბრობს. ამიტომ არ ვაპირებთ, თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატოშიც და ევროკავშირშიც", — განაცხადა სამადაშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, 14 ივნისს NATO-ს სამიტზე ალიანსში უკრაინის გასაწევრიანებლად საჭირო "საგზაო რუკის" საკითხს განიხილავენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ უკვე დროა უკრაინამ NATO-სა და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო გეგმა მიიღოს.