კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ. მანიფესტის ავტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგი თევზაძეა და ამ დროისთვის მანიფესტზე 17597 ხელმოწერა ფიქსირდება.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ.

გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე", — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ კომენდანტის საათი გაუქმდეს, მაგრამ გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯგუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია.