2021 წლის 12 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საკითხის ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში ფარგლებში მერვე გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.

გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის კვლავ აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესს და საქართველოს რეგიონებში მუდმივი სამხედრო ყოფნით ძირს უთხრის მთლიან რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამასთან ის არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ევროკავშირის მედიაციით შექმნილ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აქ საუბარია იმაზეც, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქმეზე — საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება ადგენს რუსეთის პასუხიმგებლობას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში. მათ შორის, პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეებისა და სამხედრო პერსონალის მკვლელობებზე, წამებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ასევე, ქართული სახლების დაწვასა და ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაზე.

აღნიშნულს გამოუეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო. უწყების განცხადებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე.

სამინიტროს განცხადებით, დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ დაუსჯელობის გამო, რაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს ახლავს და მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება რათა დასრულდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში.

"მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო, რომელიც დაჭრეს დაკავების დროს. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ", — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უწყების განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.