ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა მშენებელი კომპანიის, ENKA-ს ბაზასთან საპროტესტო კარავი გაშალეს. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ახლა მშენებლობამდე მიმავალი ყველა გზა აქტივისტთა კარვებზე გადის.

"გადავკეტეთ ორივე გზა — ზემოდან მომავალი, რაჭის მხრიდან რომ მოდიხართ, მოუყვებით რიონს, ეს გზა და გადავკვეთეთ ქვემოდან, ქუთაისის მხრიდან მომავალი გზა, რომ ჩვენი ზემოქმედება ვიქონიოთ კომპანიაზე, რათა მუშა პროცესში შევაფერხოთ", — უთხრა გოლეთიანმა On.ge-ს.

გოლეთიანი განმარტავს, რომ აქამდე მშენებლობამდე მისვლა შემოვლითი გზით შეიძლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო კარავი სხვაგან გადაიტანეს, ეს შესაძლებლობა აღარ არსებობს.

"ქვედა გზაც, ისეთ ადგილზე იყო ჩაკეტილი, სადაც შემოვლითი გზა უხერხდებოდა და იქედან დადიოდა კომპანია და ახლა ისეთ ადგილზე გადავიტანეთ ქვემოთაც ეს კარავი, სადაც ორივე გზა [გადაიკეტა], ანუ შემოვლითი გზები აღარ აქვთ. ყველა შემთხვევაში აქ უნდა გამოიარონ", — ამბობს გოლეთიანი.

ფოტო: დათო სიმონია

გოლეთიანის თქმით, მთავრობამ ისინი მოატყუა, როცა დაჰპირდა, რომ ჩატარებული კვლევების გადამოწმებამდე კაშხლის მშენებლობა შეჩერდებოდა. აქტივისტი ამბობს, რომ ხელისუფლება უარყოფს იმას, რაც მათგანვე იყო ინიცირებული.

"თითქოს გადამოწმდება [კვლევები, დოკუმენტები] და ამის მერე უნდა განისაზღვროს, საერთოდ შესაძლებელია თუ არა კაშხლის აშენება; სანამ ვალიდაცია არ მოხდება, მანამდე არ ვეხებით არაფერს — ეს არის მაგათგან დაინიცირებული პროცესი და ახლა ისე გამოდის, ეს ინფორმაცია გამოაქვთ საზოგადოების წინაშე, რომ მოატყუონ ხალხი, თითქოს რაღაცას ამოწმებენ და აქ პროცესი გაჩერებულია. სინამდვილეში, ჩვეულებრივად მიმდინარეობს ყველა ტიპის სამუშაო აბსოლუტურად", — ამბობს გოლეთიანი.

8 მაისს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა განაცხადეს, რომ დაპირებული მორატორიუმის მიუხედავად, ნამახვანში კაშხლის სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა.

მთავრობამ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმის გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.

გაიგე მეტი: