პარლამენტის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, არ შევა ფრაქციაში, რომელიც პარტიული იქნება. მისივე თქმით, თუ იქნება კონკრეტული შესაძლებლობა კონკრეტული მიზნისა და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის ფრაქცია შეიქმნას, ამ შესაძლებლობას განიხილავს.

"მე ვარ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი. წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში. დღეს სხვა ფრაქციის შექმნის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, შეიქმნება ძალიან ბევრი ოპოზიციური ფრაქცია. ეს არის სერიოზული ინსტრუმენტი კონკრტეული მიზნების განსახორციელებლად ქართული ოცნებისთვის ოპონირების გასაწევად გაერთიანებული ძალებითა და კოორდინაციით. მე არ შევალ ფრაქციაში, რომელიც იქნება პარტიული. თუ იქნება კონკრეტული შესაძლებლობა კონკრეტული მიზნისა და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის, პირველ რიგში, შეიქმნას ფრაქცია კონკრეტული მიზნებით, რა თქმა, უნდა განვიხილავ ასეთ ფრაქციაში ყოფნას", — განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის შეიქმნა. მისი თავმჯდომარე ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე იქნება. ლელოს წევრებთან ერთად, ფრაქციის წევრები იქნებიან დეპუტატები შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და სალომე სამადაშვილი. სწორედ სამადაშვილი იქნება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.