ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით პარლამენტში შესვლის შესახებ პარტიაში "მჭიდრო კონსულტაციები" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩემი თხოვნაა, რომ საზოგადოებას არ გაუკვირდეს — ამ პროცესს დასჭირდება რამდენიმე დღე. სხვადასხვა ინტერესია, პირველ რიგში, ერთობა ახლა პარტიაშია უზრუნველსაყოფი. არ იქნება ჩემი მხრიდან მართებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანდატი მაქვს, ხვალ დილით ჩავატარო ბრიფინგი და ჩემს თავზე ავიღო პასუხისმგებლობა ისე, რომ ვერ მივახერხო პარტიაში მაქსიმალურად ყველა მხარესთან საუბარი", — თქვა მან.

მისივე თქმით, მას გადაწყვეტილება "პრაქტიკულად ჩამოყალიბებული აქვს", მაგრამ პარტიაში ერთმანეთის არგუმენტებს ისმენენ. ის დარწმუნებულია, რომ საკითხზე შეჯერდებიან და საზოგადოებას მალე "კონსოლიდირებულ პოზიციას" გააცნობენ.

ნიკა მელიამ რუსთავის #12 ციხე 10 მაისს დატოვა. მისი გათავისუფლება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს დადებული შეთანხმების ნაწილი იყო. თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ.

6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა და 27 აპრილს პარლამენტში მივიდა. დოკუმენტს ხელს არ აწერს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობდნენ, რომ დოკუმენტს ხელს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ მოაწერდნენ. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი სალომე სამადაშვილმა.