2021 წლის პირველ ოთხ თვეში ისრაელიდან 58,2 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26%-ით, ანუ 12 მილიონი დოლარით მეტია.

იანვარ-აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელი ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით, რუსეთის, იტალიის, აშშ-სა და საბერძნეთის შემდეგ მეხუთე ადგილზეა. ამასთან, ამავე პერიოდში, ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა მთლიანი გზავნილების 8,4% შეადგინა.

გარდა ფულადი გზავნილებისა, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ისრაელთან 9,9 მილიონი დოლარი საქონელსა და მომსახურებაზე ვივაჭრეთ. აქედან, 6,4 მილიონი ექსპორტი, ხოლო 3,3 მილიონი იმპორტი იყო.

2021 წლის იანვარ-აპრილში ისრაელში გავყიდეთ:

  • ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი — 3,7 მილიონი დოლარი;
  • ელექტრული მანქანები და მოწყობილობები, მათი ნაწილები — 658,7 ათასი დოლარი;
  • კვების სხვადასხვა პროდუქტები — 402,3 ათასი დოლარი.

გარდა ამისა, ექსპორტზე კიდევ 1,64 მილიონი დოლარის საქონელი გავიტანეთ.

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ისრაელისგან ვიყიდეთ:

  • სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები — 311,5 ათასი დოლარი;
  • სარეცხი და საწმენდი საშუალებები — 296,8 ათასი დოლარი;
  • მოწყობილობა სოფლის მეურნეობის: მებაღეობის, მეფრინველეობის ან მეფუტკრეობისათვის — 280,6 ათასი დოლარი;

ამასთან, ისრაელიდან იმპორტის სახით კიდევ 2,4 მილიონი დოლარის საქონელი შემოვიდა.

ბუნებრივია, როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ამ ქვეყნიდან მიღებულ ფულად გზავნილებს შეამცირებს, სავარაუდოა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.