საქართველოს პარლამენტს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტში შესვლას "გულშემატკივრობს", რადგან მიაჩნია, რომ ქუჩაში დარჩენილი პოლიტიკური პარტია საფრთხის წინაშე იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე სწორედ ვგულშემატკივრობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ შევიდეს პარლამენტში, რადგან, დიახ, მიმაჩნია, რომ ქუჩაში დარჩენილი პოლიტიკური პარტია იქნება ამ საფრთხის წინაშე, რომ რაღაც პროფესიული ინტელექტუალური რესურსები, რაც არის თუნდაც იგივე ახალი ადამიანები, ვინც მივიდნენ პარტიაში, ამის გადინება მოხდეს იმიტომ, რომ თავისი სპეციფიკა აქვს, ასე ვთქვათ, აღარ აქვს საპარლამენტო წარმომადგენლობა და ამ საფრთხეს მე ვხედავ, პირდაპირ რომ გითხრათ და სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ ნაციონალური მოძრაობის მომავლისთვის, ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი, რომ მან საპარლამენტო წარმომადგენლობა შეინარჩუნოს", — თქვა მან.

დღეს, 12 მაისს სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა. მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა ხელმოწერაზე ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, პარტიის ხმარდამჭერები მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. მაშინ On.ge-სთან საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მისი თქმით, პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენდა და ენმ-ს დატოვებაზე ოფიციალურ განაცხადს მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებდა.