ტოქსიკური გარემოსა და თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გაჟღერების შემდეგ, ელენ დეჯენერესი საკუთარ შოუს ასრულებს. შოუ ეთერში 2003 წლიდან გადის.

გადაწყვეტილების შესახებ კომიკოსმა და ტელეწამყვანმა The Hollywood Reporter-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, შოუ მე-19 სეზონით დასრულდება.

"ახალი გამოწვევები მჭირდება", — აცხადებს ელენი.

შოუ თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი სპინოფის შთაგონება გახდა. ბევრისთვის ელენის გადაწყვეტილება გასაოცარი არ ყოფილა, განსაკუთრებით მისი შოუს თანამშრომლების შესახებ ტოქსიკურ სამუშაო გარემოსა და სექსუალურ შევიწროებაზე გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ. გარდა ამისა, დეჯენერესის კონტრაქტი 2022 წელს იწურება. თავდაპირველად, შოუს დასრულების შესახებ მითქმა-მოთქმა 2019 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ ელენმა კონტრაქტი კიდევ 3 წლით განაახლა:

"ვაპირებდი, შოუ მე-16 სეზონის შემდეგ დამესრულებინა. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი ბოლო და უკანასკნელი სეზონი, მაგრამ მათ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი სურდათ. მე მხოლოდ 1-ზე ვიყავი თანახმა, მაგრამ არ დამთანხმდნენ და მითხრეს, რომ ჩემგან მეტი მონდომების გამომჟღავნებას ელოდნენ. ამის შემდეგ დავთანხმდი დამატებით 3 წელზე, რაც უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. ეს გეგმა არსებობდა".

დეჯენერესი ასევე სინანულით აღნიშნავს, რომ შოუში არსებული პრობლემებისა და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შესახებ მედიიდან შეიტყო.

"თავიდან არ მჯეროდა. მეგონა აქ ყველა ბედნიერი იყო, სტუმრები სულ აღნიშნავდნენ, როგორ მოსწონდათ ჩემი შოუ და სამუშაო გარემო. მხოლოდ კარგი რამეები მესმოდა. ამის შემდეგ ჩატარდა შიდა გამოძიება და გავიგე ბევრი ამბავი. მაგრამ ჩვენ იმ კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. და არ მინდა ეს განვაზოგადო, რადგან მართლა არსებობენ ცუდი ადამიანები, რომლებსაც მუშაობის უფლება აღარ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს კულტურა ადამიანებს შეცდომებზე სწავლისა და გაზრდის საშუალებას არ უტოვებს, როცა ცხოვრებაში სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ, ადამიანები".

"თავაზიანობის დედოფალი", ასე ეძახდნენ ელენ დეჯენერესს კარიერის დასაწყისში. მან პოპულარობა 90-იანებში მოიპოვა, როცა საზოგადოებას კომიკოსად და სთენდაფერად გაეცნო. ელენმა ოპრა უინფრისთან სატელევიზიო შოუში 1997 წელს ღიად განაცხადა, რომ ლესბოსელი ქალია და ამით უამრავი ადამიანს დაეხმარა. წლების შემდეგ ელენმა განაცხადა, რომ ამის შემდეგ მასთან კონტრაქტის დადება აღარავის სურდა. 2016 წელს, პრეზიდენტობის მიწურულს, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ელენ დეჯენერესი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

შოუ ოფიციალურად 2022 წელს დასრულდება, რაც ნიშნავს, რომ The Ellen Show 19-წლიანი არსებობის შემდეგ დაიხურება.