საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეს ბევრი ყოფილი თანაგუნდელისგან ის არგუმენტები ესმის, რომლითაც შეთანხმების ხელმოწერაზე მათ დარწმუნებას ცდილობდა. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და თქვა, რომ "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს".

" მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4-წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა.

4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტობრივად, 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა", — წერს სამადაშილი.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. სამადაშვილის განცხადებით, ამისთვის იმ ადამაიენბთან ერთად იბრძოლებს, ვისაც პოლიტიკური "გამბედაობა" ეყო, რომ პარტიულად თუ ინდივიდუალურად შეთანხმებაზე ხელი მოეწერათ.

დღეს სალომე სამადაშვილმა ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად დატოვა. მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა ხელმოწერაზე ენმ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, პარტიის ხმარდამჭერები მის პირად ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. მაშინ On.ge-სთან საუბრისას სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მისი თქმით, პარტიას არც პარლამენტში წარმოადგენდა და ენმ-ს დატოვებაზე ოფიციალურ განაცხადს მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებდა.