თუკი წაგიკითხავთ ბრემ სტოკერის დრაკულა, ან გინახავთ მისი რომელიმე ეკრანიზაცია, ალბათ ერთხელ მაინც გაგიფიქრებიათ ყველაზე ცნობილი ვამპირის სასახლეში მოხვედრაზე. თანაც, თუკი დამატებით სტიმულად კორონავირუსის ვაქცინის უფასოდ გაკეთებას შემოგთავაზებდნენ.

ვამპირების არსებობა-არარსებობის დაჯერება თქვენთვის მოგვინდია, თუმცა, მითიურ ურჩხულებზე უფრო საშიშ ვირუსთან ვერც ნივრით და ვერც ხის სარებით რომ ვერაფერს გავხდებით, ეს სარწმუნო ფაქტია.

ამიტომ, კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იარაღის — ვაქცინაციის — ორიგინალური კამპანიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო რუმინეთმა, რომელიც დრაკულას ციხესიმაგრეში სტუმრობის გამბედავ მსურველებს აცრას სთავაზობს. ინფორმაცია ამის შესახებ სასახლის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე გაავრცელა .

ციხესიმაგრის ადმინისტრაციის ცნობით, მაისის ბოლომდე ნებისმიერი ვიზიტორი წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებს ვაქცინის მიღებას. ამასთან, აცრის შემთხვევაში, ისინი უფასოდ ესტუმრებიან სასახლეში მდებარე მუზეუმს.

აღნიშნული შეთავაზება უმეტესწილად რუმინეთში მცხოვრები ხალხისთვისაა განკუთვნილი, რადგან აპრილში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუმინელებს და ბულგარელებს ყველაზე ნაკლებად სურთ ვაქცინაცია.

ფოტო: Shutterstock

ციხესიმაგრე, რომლის მშენებლობაც 1388 წელს დასრულდა, ქალაქ ბრაშოვის მახლობლად დგას. ჟანრული ლიტერატურის საკულტო გამოგონილი პერსონაჟი, გრაფი დრაკულა, სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა. მიჩნეულია, რომ დრაკულას რეალური პროტოტიპი ჰყავდა — მე-15 საუკუნეში მცხოვრებ ვლად III ცეპეში, იგივე ვლად მფატრავი, რომელიც ზეობისას უამრავი სისასტიკისა და ათიათასობით ადამიანის მკვლელობის ჩადენით გახდა ცნობილი.

მას შემდეგ, რაც 1897 წელს ირლანდიელი მწერლის დრაკულა გამოიცა, ტრანსილვანიური სასახლე ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა.