ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პირველივე დღიდან ბოიკოტის მომხრე იყო, მაგრამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა რეალობა დადგა და გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით უნდა მიიღონ. ფეისბუქპოსტში ის ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც პარლამენტში არშესვლა პარტიისთვის დამაზიანებელი იქნება. კერძოდ:

  • "თუ ენმ პარლამენტს გარეთ დარჩება, იქნება მუდმივი ცეცხლი ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც შეუძლებელს გახდის არჩევნებზე კანდიდატებზე კოორდინაციას. ეს გარდაუვალი მარცხია;
  • საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს გულისხმობს ქართული ოცნებისთვის დამატებითი სივრცის მიცემას მანიპულაციებისთვის;
  • თუ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას (სხვა გზა პარტიისთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება) პარლამენტიც უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის; თუ ყველა მიმართულებით ბოიკოტი იქნება, პარტიული სტრუქტურები დასუსტდება;
  • პარლამენტი და პროტესტი, ხალხთან ურთიერთობა არავითარ უკუკავშირში არ არის ერთმანეთთან;
  • ყველაზე მეტად ვისაც უნდა ენმ-ის გარეთ დატოვება — ქართული ოცნებაა: ჩვენ გამოგვეცალა ერთპარტიული პარლამენტი როგორც ყველაზე დიდი ბერკეტი. ახლა, თუ ჩვენ არასაპარლამენტო პარტია გავხდებით, ივანიშვილის მიზანიც ეგ არის;
  • კლეპტოკრატია, ოლიგარქია ყველანაირი მექანიზმით გებრძვის. შენც ყველგან უნდა დახვდე და პასუხი გასცე; საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე გავიჭირდება სანქციებზე მუშაობა და პოლიტიკურ დევნაზე მათი მუდმივი ყურადღება".

ამავდროულად, დეკანოიძე წერს, რომ ოპოზიციის დასუსტება, მუდმივი კინკლაობა ნიშნავს რეჟიმის გაძლიერებას. მისი თქმით, ენმ-ის გარეშე ცვლილება ვერ მოხდება, ისევე როგორც მთელი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარეშე გაუჭირდებათ გამარჯვება.

"ყველაზე ძვირფასის, ჩვენი ამომრჩევლის ჩართულობა ამ დისკუსიაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დისკუსია უნდა იყოს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისთვის და არა ერთმანეთის დამუნათებისთვის", — აცხადებს ის.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ენმ არის პარტია, რომელმაც დაამკვიდრა პროგრესი და აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყანა კვლავ პროგრესის გზით წაიყვანონ, ამიტომ გადაწყვეტილებებიც გამბედავი უნდა მიიღონ, როგორც 2003-2012 წლებში.

ამ დრომდე ნაციონალურ მოძრაობას არ გაუჟღერებია ოფიციალური გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, პარტიაში პოლიტსაბჭოს ჩატარება იგეგმება. საბოლოო პოზიცია, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.