პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სჯერა, რომ 12 მაისს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება ქვეყნის განვითარებისთვის "უდიდესი მნიშვნელობის" გადაწყვეტილებაა.

ამის შესახებ საუბარი იყო ღარიბაშვილის მისალოც ტექსტში, რომელიც ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს უკავშირდება.

"ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი — წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის", — აღნიშნულია განცხადების ტექსტში.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა ექს-პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმართვის საფუძველზე 12 მაისი დაჩქარებული წესით ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა. ბახტაძე დარწმუნებული იყო, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება. იმ წელს წილხვდომილობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოყო.