ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 35 პალესტინელი გარდაიცვალა, მათ შორის, 12 ბავშვი, დაშავდა — 233. ისრაელში სულ დაღუპულია 5 ადამიანი, რომელთაგან 3 ქალი და 2 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ AP News ავრცელებს.

გარდა ამისა, Times of Israel-ის ცნობით, სულ ღაზის სექტორმა ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა ისროლა, ხოლო ისრაელმა საპასუხოდ 500-მდე ობიექტს დაარტყა.

10 მაისს იერუსალიმში დაპირისპირება გამწვავდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველად, ჰამასმა იერუსალიმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა. 11 მაისს ღაზის სექტორმა დაბომბა თელ-ავივიც. სიტუაცია დაიძაბა ქალაქ ლოდშიც. მედიების ცნობით, გვიან ღამით დაიწვა სინაგოგები, მაღაზიები და ათეულობით მანქანა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სიტუაციის განსამუხტად ქალაქში სასაზღვრო პოლიცია გაიგზავნა.

დაპირისპირება პარასკევს საღამოს დაიწყო, რა დროსაც პირველ ღამეს 200-ზე მეტი პალესტინელი და 17 ისრაელელი პოლიციელი დაშავდა. შაბათს შეტაკებები განახლდა დამასკოს კარიბჭესთან მას შემდეგ, რაც ათასობით მუსლიმმა ალ-აქსას მეჩეთთან ილოცა. მანამდე ისრაელის პოლიციამ გააჩერა ავტობუსები, რომლებსაც მომლოცველები მეჩეთისკენ გადაჰყავდა და რამდენიმე პალესტინელი დააკავა.

ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში მონაწილე აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო შეშფოთებას გამოხატავენ მზარდი ძალადობის გამო. ამასთან, იორდანიამ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედებები და ხელისუფლების ქმედებებს "ბარბაროსული" უწოდა.