საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდის მაცხოვრებლებს უსაფართხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ქალაქში პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეტაკებებია

"არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან — დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან", — წერია განცახდებაში.

10 მაისს იერუსალიმზე განხორციელებული სარაკეტო შეტევების შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. საერთაშორისო მედია ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საპასუხო თავდასხმა ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიორიაზე განხორციელდა.

შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში 24 პალესტინელი, მათ შორის 9 ბავშვი გარდაიცვალა. ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის 15 მებრძოლია. ამასთან, ბოლო 24 საათში, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც ისრაელის 6 მოქალაქე დაშავდა.

რამდენიმე დღეა იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის დაპირისპირებაა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილიდან პალესტინელი ოჯახების გამოსახლების საფრთხე. როგორც BBC წერს, ძველ ქალაქში, დამასკოს კარიბჭესთან პალესტინელებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, ხოლო ოფიცრებმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დაპირისპირება პარასკევს საღამოს დაიწყო, რა დროსაც პირველ ღამეს 200-ზე მეტი პალესტინელი და 17 ისრაელელი პოლიციელი დაშავდა. შაბათს შეტაკებები განახლდა დამასკოს კარიბჭესთან მას შემდეგ, რაც ათასობით მუსლიმმა ალ-აქსას მეჩეთთან ილოცა. მანამდე ისრაელის პოლიციამ გააჩერა ავტობუსები, რომლებსაც მომლოცველები მეჩეთისკენ გადაჰყავდა და რამდენიმე პალესტინელი დააკავა.

ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში მონაწილე აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო შეშფოთებას გამოხატავენ მზარდი ძალადობის გამო. ამასთან, იორდანიამ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედებები და ხელისუფლების ქმედებებს "ბარბაროსული" უწოდა.