სამოქალაქო აქტივისტის, ცაბუნია ვართაგვას თქმით, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა, თუმცა ის იმ დროს სახლში იმყოფებოდა. როგორც აქტივისტი On.ge-ს უყვება, კომენდანტის საათი არცერთხელ არ დაურღვევია და სავარაუდოდ, პოლიციამ ჯარიმა ვარაუდის საფუძველზე გამოწერა.

"არცერთხელ არ დამირღვევია კომენდანტი, უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეგობარი, ასევე სამოქალაქო აქტივისტი, ყოველდღე არღვევს და პირველად იმ დღეს დაარღვია კომენდანტის საათი, პოლიციამ კი ვარაუდის დონეზე ჩათვალა, როგორც ჩანს, რომ მეც მასთან ერთად ვიყავი. სულ ეგ იყო, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, რადგან იმ დღეს მართლა სახლში ვიყავი", — ამბობს ცაბუნია ვართაგვა.

ფოტო: Tsabunia Vartagva / Facebook

მისივე თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯარიმა გამოუწერეს, კამერები არის დამონტაჟებული და თუ სასამართლომდე მივიდა საქმე, აღმოაჩენენ, რომ მტკიცებულება არ აქვთ.

აქტივისტის განცხადებით, ჯარიმის გასაჩივრებას ხვალ, 11 მაისს აპირებს.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.