რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გორის, მარტვილის, ფოთისა და სენაკის მერის მოადგილეების თანამდებობიდან წასვლა ზეწოლის შედეგი ვერ იქნებოდა.

"შენ უნდა წახვიდე თანამდებობიდან, ეგ უთხრეს, იმიტომ, რომ ხარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და აქ შენი ადგილი არ არის, ეგ ზეწოლად ვერ ჩაითვლება. თუ სხვა ტიპის ზეწოლაზე იყო ლაპარაკი, რომელიც მართლა ზეწოლაა და ბულინგად შეიძლება ჩაითვალოს, მათ შეუძლიათ შეიტანონ შესაბამისი განცხადება და საბუთები გამოძიებაზე და ბულინგი ისჯება კანონით [...]

მერის მოადგილე, ზოგადად, არის პარტიული თანამდებობა. შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ — ან საქმე აკეთონ, ან თავის პარტიულ თანამდებობას მიხედონ", — განაცხადა სუბარმა.

იგი ამბობს, რომ ყოფილი მოადგილეები, საქმის კეთების ნაცვლად, პოლიტიკური აგიტაციით იყვნენ დაკავებულები.

"გაათავისუფლეს იმიტომ, რომ როგორც განმარტეს განმათავისუფლებლებმა, ეს ადამიანები საქმის კეთებას შეეშვნენ ბოლო პერიოდში და გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ კონკრეტული პირის აგიტაციაზე.

საქმე არის გასაკეთებელი უამრავი. თან რაიონებში, რეგიონებში, სადაც გაზაფხულია, ახლა იწყება მიწათმოქმედების სამუშაოები და იმის ნაცვლად რომ საქმეს მიხედონ, ისინი გადასული იყვნენ პარტიულ საქმიანობაზე", — ამბობს სოზარ სუბარი.

დღეს თანამდებობა დატოვა ოთხი მუნიციპალიტეტის მერის ექვსმა მოადგილემ.

გორის მერის ყოფილი მოადგილეები, ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი აცხადებენ, რომ გადადგომის მოთხოვნით მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ისინი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ მოადგილეები სწორედ გიორგი გახარიას სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციის გაწევის გამო გაათავისუფლ.

თანამდებობები დატოვეს მარტვილის, ფოთისა და სენაკის მერის მოადგილეებმაც. ისინი აცხადებენ, რომ თანამდებობიდან თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მთავრობისა და პარტიის გადაწყვეტილებით გაუშვეს.