კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა". სუს-ის ცნობით, ასევე, განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უწყების ინფორმაციით, პროცესის დეტალური განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეობს.

"სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა. ასევე, განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

ხაზგასმით უნდა აღინიშოს, რომ საოკუპაციო ხაზისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განხილვისას რუკების გამოყენება ხელს უწყობს ე.წ. საზღვრის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული ნარატივის გამყარებას. ამავდროულად, ოკუპაციისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხების განხილვისას არაზუსტი ტერმინოლოგიის (მაგ: შიშის ზონა, საზღვარი, საზღვრის გადმოწევა) გამოყენება, აზიანებს სახელმწიფოს მიერ დეოკუპაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას და ადგილობრივ მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის დანერგვას უწყობს ხელს", — აღნიშნავენ უწყებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო დღეებში სხვადასხვა დროს განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს. მათივე თქმით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს, რომლის პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლიდან უკანონო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 149 კმ-ია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 350 კმ-ზე მეტი. სუს-ის მიერ თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება ხორციელდება. ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე აქტიურდება ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. მსგავსი შემთხვევები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენს", — აცხადებენ უწყებაში.

უწყება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ სხვა უკანონო აქტივობებზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკსირებს.