სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მუხლით ბრალი წარუდგინეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა აბაზანაში შესული პატიმარი, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა.

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული 2020 წლის 30 ივნისიდან 24-საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის 12 ივლისს ის სააბაზანო ოთახში იმყოფებოდა, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. უწყების თქმით, მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა.

"მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა. კერძოდ, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", — ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვან შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.