პარლამენტის დეპუტატი და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი მერის მოადგილეების გადადგომებს "პოლიტიკურ რეპრესიებს" უწოდებს. როგორც ის ამბობს, მერის მოადგილეებზე ზეწოლა მოხდა.

"ზეწოლა მოხდა ერთადერთი ნიშნით, გახარიას გუნდის თანამოაზრეობის გამო. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ეს არის ის ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ ქართული ოცნება ებრძოდა. მაგრამ დღეს ამ მეთოდებით პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ არ დასრულდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთოდ", — თქვა ხოჯევანიშვილმა.

დღეს, 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს და ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. როგორც ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. პოსტი დატოვა ხაშურის მერის მოადგილე, ზარუბ როსებაშილმაც.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობები დატოვეს ფოთის მერის მოადგილეებმა კონსტანტინე თოფურიამ და პაატა ლაგვილამ, ასევე, სენაკის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა. სამივე მათგანი ამბობს, რომ დავალება მთავრობისგან და ქართული ოცნებიდან მოდიოდა.