ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სინოფარმის, დაახლოებით, 10 000 დოზა სტრატეგიული ჯგუფებისთვის — პოლიციისა და პენიტენციური სისტემაში ჩართული ადამიანებისთვის არის დარეზერვებული.

"სინოფარმის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 40 000-მდე დოზა არის ან უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილი. დაახლოებით, 10 000 დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, რომელიც გახლავთ პოლიცია, პენიტენციური სისტემა და პენიტენციური სისტემის ფარგლებში დაიწყება მოკლე ხანში ვაქცინაცია, უდიდესი ნაწილი ამ დოზების მოხმარდება ამ სტრატეგიულ ჯგუფებს და ასევე, დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. მაგრამ ეს იქნება ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები მოცვით, რადგან უდიდესი ნაწილი ამ დარეზერვებული ვაქცინის დოზების დასჭირდება პოლიციასა და პენიტენციურ სამსახურს", — განაცხადა გაბუნიამ.

სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Sinopharm ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გასცა.

Sinopharm პირველი არადასავლური ვაქცინაა, რომელმაც WHO-ს ნებერთვა მიიღო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს Pfizer-BioNTech-ის, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებზე.