Apple-სა და Fortnite-ის შემქმნელ Epic-ს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ამ პროცესის მიმდინარეობისას Epic-მა წარადგინა Apple-ის მენეჯერებს შორის გამართული მიმოწერა, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ Apple-მა თავის 128 მილიონ მომხმარებელს დაუმალა ფაქტი დაჰაკვის შესახებ. ეს iOS-ის არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი ჰაკია, რაც კი ოდესმე მომხმდარა.

ჰაკი 2015 წელს შეამჩნიეს, მაშინ როდესაც iPhone 6S გამოვიდა. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა App Store-ში 40 "XCodeGhost" აპლიკაცია აღმოაჩინეს, შემდგომმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ App Store-ში ასეთი 4000 აპლიკაცია იყო.

XCodeGhost აპლიკაციები iOS მოწყობილობებიდან მომხმარებელთა ინფორმაციას იპარავდნენ და ერთგვარ ქსელს ქმნიდნენ.

ასეთი აპლიკაციების გაჩენა დეველოპერების მხრიდან ყალბი Xcode-ის გამოყენებამ გამოიწვია, ეს კი Apple-ის ხელსაწყოა, რომელიც დეველოპერებისთვის, აპლიკაციების ასაწყობადაა შექმნილი. ყალბი Xcode დეველოპერების მიერ შექმნილ აპლიკაციებში ამატებდა მავნე კოდს.

Epic Games-მა სასამართლოში წარადგინა Apple-ის მენეჯერების იმეილები, საიდანაც ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ დისკუსია, უნდა გაეგზავნათ თუ არა გამაფრთხილებელი წერილი 128 მილიონი მომხმარებლისთვის, რადგან ისინი დაიჰაკნენ.

მეილი არ გაგზავნილა, რადგან Apple-ის წარმომადგენლებმა სასამართლოზე ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.

ახალი ცნობები საგრძნობლად აზიანებს ეფლის იმიჯს, რომელიც წლებია ბაზარზე თავს იწონებს სწორედ იმით, რომ iOS ყველაზე დაცული სისტემაა. 128 მილიონი დაჰაკული ადამიანი ამაზე ნამდვილად არ მეტყველებს.

სასამართლო Apple-სა და Epic Games-ს შორის კიდევ გრძელდება. ვინც არ იცით, ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ Apple-მა App Store-დან Fortnite წაშალა, რადგან Epic-მა თამაშში შიდა შესყიდვები ისე დაამატა, რომ Apple-ის მიერ დაწესებულ 30%-იან გადასახადს აცდა.