ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას 45 წელს ზევით გადაცილებული მოქალაქეებიც შეძლებენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის უწყებამ დღეს, 11 მაისს ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ მიიღო. საქართველოში აქამდე ასტრაზენეკას ვაქცინა 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში გამოიყენებოდა.

"რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, საბჭომ ასტრაზენეკასთვის ასაკობრივი ზღვარის 45 წლამდე შემცირების წინადადებას მხარი დაუჭირა. ხვალ დღის 20:00 საათიდან ასტრაზენეკათი ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას რეგისტრაციას შეძლებენ მოქალაქეები 45 წლისა და ზემოთ ასაკში. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იყო სამედიცინო პერსონალის მხრიდან ასტრაზენეკაზე ასაკის შემცირების", — განაცხადა გაბუნიამ.

მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ გასულ კვირას გერმანიამ ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა.

გერმანიამ AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა და ის 18+ პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის თქმით, მოქალაქეებს მეორე დოზის მისაღებად 12 კვირით ცდა აღარ მოუწევთ და მას პირველი გაკეთებიდან 4 კვირაში მიიღებენ. გარდა ამისა, მან იმედოვნა, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდები აცრას ზაფხულიდან შეძლებენ.

ამ ეტაპისთვის გერმანიაში ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 30%-ს აქვს მიღებული, ხოლო სრულად აცრილია 8,6%.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ინექციასა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადასტურა და დასძინა, რომ ეს, შეიძლება, ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს წარმოადგენდეს.

ათეულობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. თუმცა რამდენიმე სახელმწიფოში პროცესი მაინც განახლდა იმ მიზეზით, რომ ვაქცინის სიკეთეები რისკებს გადაწონის.