რუსეთში, ყაზანის სკოლაში დაჭრილი 6 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ ოპერაცია უტარდებათ. სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ყაზანის ბავშვთა კლინიკაში სროლის შემდეგ დაშავებული 18 მოსწავლე მიიყვანეს.

როგორც გამოცემა თათრეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია 8 ადამიანი, მათგან 7 ბავშვია და 1 მასწავლებელი.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და სკოლაში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, მოსწავლეები ევაკუირებული არიან და ყაზანის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

TASS-ის წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლეა და მან იარაღი კანონის დაცვით შეიძინა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ამ სროლის შემდეგ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 2 თავდამსხმელის შესახებ და აცხადებდნენ, რომ 1 ლიკვიდირებულია, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო.

ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ სროლა თათრეთის დროით 9:20 წუთზე დაიწყო, ცნობა თავდასხმის შესახებ შესაბამის უწყებაში კი 9:25-ზე შევიდა. Tass-ის წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში სკოლაში 714 მოსწავლე და 70-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ევაკუაცია სროლის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში განხორციელდა.