მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში პოსტკოვიდური მართვის ცენტრი ამოქმედდა, რომელიც პაციენტებს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, კორონავირუსის შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგსა და მკურნალობას სთავაზობს.

კოვიდგადატანილი პაციენტების მართვა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტის კოორდინაციას გულისხმობს. პატარების მკურნალობაში ჩართულნი არიან როგორც პედიატრი, ბავშვთა ინფექციონისტი და კარდიორევმატოლოგი, ისე — ნევროლოგი, ჰემატოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი და ყველა იმ მიმართულების სპეციალისტი, რომლის დახმარებასაც პაციენტი საჭიროებს. ჰოსპიტალში საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით შემუშავებული სპეციალური პაკეტი მოქმედებს, რომელიც კონსულტაციებსა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტკოვიდ ცენტრის სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის და ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის მიერ.

მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის პოსტკოვიდური მართვის ცენტრი სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს ახალშობილებსა და იმ ბავშვებს, რომლებმაც გადაიტანეს (ან ეჭვია, რომ გადაიტანეს) კოვიდ-19 და საჭიროებენ ვირუსის შემდგომ მკურნალობას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლინიკა პატარა პაციენტებს პედიატრის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

მოსახლეობისთვის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ევექსის ჰოსპიტალურმა ქსელმა კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები უკვე აამოქმედა თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600
ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.evexhospitals.ge