გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მოადგილები ექსპრემიერ გიორგი გახარიას სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციის გაწევის გამო გაათავისუფლა.

"ჩემი ბრძანებით გათავისუფლდნენ. იმის მაგივრად რომ თავიანთი საქმე ეკეთებინათ, დაკავებულნი იყვნენ აგიტაციით, რომ გახარიასკენ გადასულიყო ხალხი და როცა ასეთი თანამდებობა უკავიათ ასეთ რაღაცას არ უნდა აკეთებდნენ. უნდა შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა, რაც ეკისრათ. ეს არის მიზეზი. ეწეოდნენ საარჩევნო აგიტაციას და ეს კიდევ მოქმედებდა როგორც მერიის, ასევე, სხვა სამსახურებზე", — უთხრა თავზარაშვილმა On.ge-ს.

გორის მერის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს და ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ. როგორც ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.