მეგობართან განშორების სევდა ალბათ ყველასთვის ნაცნობია, თუმცა, ბავშვობაში ამას უფრო მძაფრად განვიცდით; ზუსტად ისე, როგორც 4 წლის ლეა, რომელიც მხოლოდ მეგობრის მიერ შვებულებიდან "გამოგზავნილმა" ფოტოებმა დაამშვიდა.

ფოტო: yoga_girl / Instagram

ფოტო: yoga_girl / Instagram

ფოტო: yoga_girl / Instagram

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლეას დედას, იოგას ცნობილ მასწავლებელს, ინტერნეტვარსკვლავსა და ავტორს, რეიჩელ ბროტენს საკუთარ ოჯახთან ერთად მოუხდა არუბას დატოვება. რეიჩელი, რომელიც შვედია, კარიბის ზღვის კუნძულზე ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ გადასახლდა.

მშვიდად მიედინებოდა ცხოვრება მანამ, სანამ საცხოვრებელში ობი გამოჩნდებოდა, თანაც, იმდენად შემაწუხებელი, რომ რეიჩელმა ლეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, კუნძულზე მხოლოდ მამა არ დარჩენილა. იქ დარჩენა მოუხდა ლეას განუყრელ მეგობარს, სათამაშო დათუნიას, რომელიც გოგომ მალევე მოისაკლისა.

ეს ამბავი რეიჩელმა ინსტაგრამზე თავის გამომწერებს გაუზიარა და მალევე მიიღო უცხო ადამიანისგან გამოგზავნილი ღია ბარათი, რომელზეც დათუნია იყო გამოსახული და ლეას მოგზაურობიდან მოკითხვას უბარებდა. ლეას დედამ ეს ამბავიც გააზიარა საკუთარ "სთორიში" და დასაძინებელად წავიდა; შემდეგ კი, დაიწყო, ის რაც დაიწყო.

ფოტო: yoga_girl / Instagram

გაღვიძებისას ლეა ისევ თავის დათუნიას მისტიროდა. რეიჩელი კი კომპიუტერის გახსნისთანავე გაოცდა. მეილზე მას სრულიად უცხო ადამიანებმა ღია ბარათები გაუგზავნეს. ასე აღმოჩნდა ლეას დათუნია მსოფლიოს ყველა კუთხეში: მთაში თუ ზღვაზე, უდაბნოში თუ ტაიგაში, ვენეციაში და ტეილორ სვიფტის კონცერტზე. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოს მეგობართან განშორების სევდა შემსუბუქებოდა.

ფოტო: yoga_girl / Instagram

გულაჩუყებულმა რეიჩელმა ღია ბარათების ნაწილი საკუთარ ინსტაგრამზე პოსტად გამოაქვეყნა და გამომწერებს მადლობა გადაუხადა. დათუნიას მოგზაურობიდან "გამოგზავნილი" ფოტოების ნახვას თავადაც შეძლებთ ინსტაგრამვარსკვლავის "სთორიებში".