ინდოეთი, სადაც COVID-19-ის შემთხვევებმა უკვე კატასტროფულ რიცხვს მიაღწია, ახლა ჯანდაცვის ორმაგი კრიზისის წინაშე დგას: ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ტვინში "შავი სოკოს" ინფექცია უვითარდებათ.

როგორც BBC იუწყება, მუკორომიკოზი ძალიან იშვიათი ინფექციაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც ობის სოკო ადამიანის ტვინში, ფილტვებსა ან ფისტულებში გაიდგამს ფესვებს. ჯანსაღი ადამიანის იმუნური სისტემა უმეტესად ადვილად უმკლავდება მას, ინდოეთში კი ახლა კოვიდინფიცირებულთა და ვირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რიცხვი ძალიან დიდია — ექიმები სწორედ მათ გადარჩენას ცდილობენ დაავადებისგან, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 50%-ია.

"კვირაში უკვე 2-3 ასეთი შემთხვევა გვხვდება", — განუცხადა BBC-ს რენუკა ბრადუმ მუმბაის სიონის საავადმყოფოს თავისა და ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებიდან. "ეს ნამდვილი კოშმარია პანდემიაში".

როგორც აღმოჩნდა, პრობლემა ისაა, რომ ექიმები კორონავირუსის მძიმე შემთხვევების მკურნალობისას სტეროიდებს მიმართავენ, რომლებიც იმ მომენტში პაციენტების სიცოცხლეს იხსნიან, შემდეგ კი მის იმუნურ სისტემას ასუსტებენ. ეს განსაკუთრებით ეხება დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც ინდოეთში მუკორომიკოზით დაავადებულთა დიდ ნაწილს შეადგენენ.

"დიაბეტს დამატებული კორონავირუსი კიდევ უფრო ასუსტებს სხეულის იმუნურ სისტემას, ამ დროს სტეროიდების მიღება კი, რომელიც პაციენტს კორონავირუსის დამარცხებაში ეხმარება, ცეცხლზე ნავთის დასხმას გავს", — უყვება BBC-ს მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აკშაი ნაირი.

ნაირი ამბობს, რომ მხოლოდ აპრილში იგი მუკორომიკოზით ინფიცირებულ 40 პაციენტს მკურნალობდა, რომელთა უმეტესობა დაიღუპა, დანარჩენებს კი სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდათ — მაგ, ინფიცირებული თვალის მოშორება და ა.შ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსი და ის გზა, რომლითაც მას მკურნალობენ, სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს და ამძაფრებს დიაბეტიანი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისად, მათ უფრო დაუცველს ხდის სხვა დაავადებების მიამრთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მუკორომიკოზით ინფიცირებული ყველა პაციენტი დიაბეტიანი არაა. ინდოეთში "შავი სოკოს" რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი ტალღის დროსაც. ექსპერტები და ექიმები ამ საკითხის შესწავლაზე მუშაობას განაგრძობენ.