ჯანდავცის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-სთან მიმართებაში, შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს. მისივე თქმით, AstraZeneca-სთან დაკავშირებით ექსპერტებს შორის გარკვეული აზრთასხვადასხვაობა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ევროპაშია.

"დღეს კიდევ ვიმსჯელებთ. შესაძლოა, გარკვეული მოდიფიცირება ასაკის მოხდეს AstraZeneca-სთან მიმართებაში, რადგან ჩვენც მოგვმართავს ძალიან ბევრი. მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალები და ისინი გვთხოვენ, გადავხედოთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მათ თავად შეუძლიათ, განსაკუთრებით, ექიმებზეა საუბარი, ზუსტად შეაფასონ ის რისკები, რომელიც, შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში AstraZeneca-ს უკავშირდებოდეს". — განაცხადა გაბუნიამ.

მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ გასულ კვირას გერმანიამ ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა.

"ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დადასტურება იყო, რომ ის მოსალოდნელი გართულება, რომელიც შესაძლებელია, AstraZeneca-ს უკავშირდებოდეს იმდენად იშვიათია, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სარგებელი ნებისმიერ ასაკში აჭარბებს იმ რისკს, რაც, შესაძლოა, განპირობებული იყო", — თქვა მინისტრის მოადგილემ.

გერმანიამ AstraZeneca-ზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა და ის 18+ პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის თქმით, მოქალაქეებს მეორე დოზის მისაღებად 12 კვირით ცდა აღარ მოუწევთ და მას პირველი გაკეთებიდან 4 კვირაში მიიღებენ. გარდა ამისა, მან იმედოვნა, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდები აცრას ზაფხულიდან შეძლებენ.

ამ ეტაპისთვის გერმანიაში ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 30%-ს აქვს მიღებული, ხოლო სრულად აცრილია 8,6%.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ინექციასა და თრომბოემბოლიის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადასტურა და დასძინა, რომ ეს, შეიძლება, ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტს წარმოადგენდეს.

ათეულობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. თუმცა რამდენიმე სახელმწიფოში პროცესი მაინც განახლდა იმ მიზეზით, რომ ვაქცინის სიკეთეები რისკებს გადაწონის.