კლიმატის ცვლილებაზე ბევრს და ხშირად დაობენ. ზოგს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მიმდინარე მოვლენების გამო, კაცობრიობა რეალური საფრთხის წინაშეა. ნაწილი სკეპტიციზმითაა განწყობილი და ამ საფრთხეებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟად აღიქვამს. მეცნიერები კი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებამ და სათბური გაზების კონცენტრაციის ზრდამ, შესაძლოა, დედამიწა და კაცობრიობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.

1970 წელს დედამიწაზე 3,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. გზებზე კი 200 მილიონი მსუბუქი და სატვირთო მანქანა მოძრაობდა. ნავთობის მოხმარება დღეში 45 მილიონ ბარელს უტოლდებოდა. იმავე წელს 30 მილიონ ტონამდე ღორის ხორცი და 13 მილიონ ტონამდე ფრინველის ხორცი აწარმოეს.

დღეისათვის ჩვენს პლანეტაზე 8 მილიარდამდე ადამიანი და 1,5 მილიარდამდე სატრანსპორტო საშუალებაა. ნავთობის წარმოება ორჯერაა გაზრდილი. ღორის ხორცის მოხმარება გაორმაგდა, ფრინველის ხორცის — გაოთხმაგდა. ეს მონაცემები National Geographic-ის 2020 წლის ნომერში, ერთ-ერთ სტატიაშია მოყვანილი, რომლის ავტორიც, ელიზაბეტ კოლბერტი "არგუმენტირებულ კატასტროფად" მოიხსენიებს მოვლენას, რომელიც კლიმატის ცვლილების სახით რამდენიმე ათწლეულია, ჩვენს პლანეტას და კაცობრიობას სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

სამრეწველო რევოლუციის შემდეგ დედამიწაზე დაახლოებით, საშუალოდ 1 გრადუსით დათბა. თუ სათბური გაზების ემისიები კიდევ გაიზრდება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2070 წლისთვის დათბობის მაჩვენებელმა შესაძლოა, საშუალოდ 3 გრადუსს გადააჭარბოს.

ფოტო: Alto Crew / Unsplash

ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, კლიმატის ცვლილების საკითხზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე; ვიცნობდეთ მათ განწყობებს, შეხედულებებს, თუ რამდენადაა შესაძლებელი, ამ პრობლემის მოგვარება; როგორ ხედავენ ამ პროცესში თავის, ინდივიდუალურ როლს; რამდენად აქვთ მზაობა, შეიტანონ საკუთარი წვლილი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და იციან თუ არა, რა ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას საერთაშორისო დონეზე ამ მიმართულებით.

სხვადასხვა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შესახებ მოსახლეობის აზრის კვლევები მიმდინარეობს და შედეგად სახელმწიფოებს აქვთ ინფორმაცია საკითხის ირგვლივ მოსახლეობის ცოდნისა და განწყობების შესახებ. საქართველოში ფართომასშტაბიანი კვლევა ამ საკითხზე პირველად 2020 წელს ჩატარდა. კვლევა, სახელწოდებით რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ, კავკასიის გარემოსდაცვითმა ცენტრმა, REC Caucasus-მა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და UNDP-ის დაკვეთით, პროექტ "ევროკავშირი კლიმატისათვის" ფარგლებში ჩაატარა. გამოიკითხა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები 1 100 ადამიანი.

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კლიმატის ცვლილება რეალურია

ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა, პირველ რიგში, ინფორმაციას გვაძლევს მოსახლეობის ცოდნასა და აღქმაზე, რამდენად რეალურად მიიჩნევენ კლიმატის ცვლილებას და აქვთ თუ არა კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა თითქმის 98%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ და 91% მას საფრთხედ აღიქვამს. კონკრეტულად კი, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება მსოფლიოს წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევაა და იგი სახელდება ისეთ მოვლენებთან ერთად, როგორიც არის საერთაშორისო ტერორიზმი და შეიარაღებული კონფლიქტები. კვლევის მონაწილეების 72% იმასაც აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება მსოფლიოში დღეს არსებული უკვე მიმდინარე საფრთხეა. რესპონდენტების 36%-ს მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილება იმდენად მასშტაბურია, ამის საწინააღმდეგოდ პირადად მათ, არაფრის გაკეთება შეუძლიათ. 26% ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების მართვას საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ. ამ შედეგებად კი, ძირითადად, გლობალურ დათბობას, გვალვებს, ბუნებრივ კატასტროფებს, მყინვარების დნობასა და ოკეანეებში ყინულის ფენების შემცირებას ასახელებენ. რამდენად ლოკალურ პრობლემად აღიქვამს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას?

ჩვენი თანამოქალაქეები ამ გლობალურ პრობლემას ადგილობრივ ანუ ლოკალურ გამოწვევადაც აღიქვამენ და გამოკითხულთა 94%-ის აზრით, კლიმატის ცვლილება ისეთივე გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც დანარჩენ მსოფლიოზე.

მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტები COVID 19-ის პანდემიის პირობებში გამოიკითხნენ და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას თითქმის ისეთივე გამოწვევად აღიქვამს, როგორიც სიღარიბე და ინფექციური ან ვირუსული დაავადებებია.

კვლევის ეს მიგნება ასევე ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გლობალურ გამოკითხვას Peoples’ Climate Vote, რომელმაც 2020 წელს 1,2 მილიონი ადამიანი და 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, მოიცვა. ამ კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური კატასტროფაა.

რა ვიცით საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე?

გამოკითხული რესპონდენტების 85% აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ მაინც ეცნობა, მაგრამ დიდი ნაწილი ვერ იხსენებს ამ ინფორმაციის შინაარსს. მეტად საგულისხმო კი ისაა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უმეტესობამ არაფერი იცის, თუ რა სახის საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყანას და რა პოლიტიკას ახორციელებს კლიმატის ცვლილებების მიმართულებით. გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია, ვისაც სმენია ე.წ. ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი პარიზის შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ქვაკუთხედია. კლიმატის კრიზისის დასაძლევად 2015 წლის დეკემბერში შედგა ისტორიული შეხვედრა პარიზში, სადაც პირველად მოხერხდა 200-მდე ქვეყნის მიერ სათბურის აირების გაფრქვევების შემცირების საერთაშორისო ვალდებულებების დაფიქსირება, რომელიც ცნობილია "პარიზის შეთანხმების" სახელით. პარიზის შეთანხმების მიზანია, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა, საუკეთესო შემთხვევაში კი 1.5˚C-მდე შეზღუდვის მცდელობა. პარიზის შეთანხმება ავალდებულებს ქვეყნებს, მოამზადონ, წარადგინონ და განაახლონ ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი ყოველ 5 წელიწადში. ჩვენმა ქვეყანამ ხელი შეთანხმებას 2016 წლის აპრილში მოაწერა, 2017 წლის 7 ივნისს კი ის ძალაში შევიდა.

ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით, საქართველომ პირველ ყოვლისა, აღიარა კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული საფრთხეები. განახლებული, 2021 წლის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით კი, საქართველო უპირობო ვალდებულებას იღებს, 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების მაჩვენებელი, 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შეამციროს. ხოლო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დახმარების შემთხვევში და იმ დათქმით, რომ მსოფლიო გაჰყვება გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2˚C ან 1.5˚C-მდე შეზღუდვის სცენარს, შესაბამისად, ქვეყანა იღებს ვალდებულებას 2030 წლისთვის 50-57%-ით შეამციროს სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკომეგობრულად ცხოვრებას ვერ ახერხებს

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით განხორციელებული კვლევის სოციალური ქცევის ანალიზის ნაწილი ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილების შესაბამისი სოციალური ქცევები, ინფორმირებულობისა და გაცნობიერების ხარისხებისგან განსხვავებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, თუმცა მაღალია მზაობა გარკვეული ქცევების მიმართ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავტომობილის შეძენისას ეკონომიურობის კრიტერიუმის გათვალისწინება წარმოდგენილია საშუალოზე მაღალი მაჩვენებლით, მაგრამ არა ისეთი ნიშნულით, რომ საყოველთაოდ გავრცელებულ პრაქტიკად ჩაითვალოს.

მიუხედავად ამ მიგნებისა, გამოკითხულთა 87%-მა იცის, რომ ენერგოეფექტურობის ზომების გატარების შედეგად, მათი ხარჯები შემცირდება. მხოლოდ დაახლოებით 8% თვლის, რომ მისი ხარჯები არ შეიცვლება.

UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2021 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, აღნიშნა, რომ ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს და ასევე, აღიარებენ, რომ პლანეტის გადარჩენის საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს: "იმისთვის, რომ ეს ცოდნა პრაქტიკულ ქმედებად იქცეს, ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ კლიმატისადმი მეგობრული ქცევა შეიძლება, ფინანსურად გამართლებულიც იყოს".

რატომაა მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა?

საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ფაქტობრივად, არანაირ მონაწილეობას არ იღებს. ამას ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებითაც ვხედავთ, როცა მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ აქვს ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ, რაც ქვეყანას აღებული აქვს ამ მიმართულებით.

ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ავხსნათ. მათ შორისაა: პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართვის სუსტი სტრატეგიები; კომუნიკაციის ნაკლებობა ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის; სანდო მონაცემების სიმცირე და მტკიცებულებათა არასათანადო გამოყენება; მუშაობის იზოლირებული სტილი და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შეზღუდული შესაძლებლობა.

ფოტო: CENN

2021 წლის იანვარში CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (KRDF, ACU, YPU და RLS-ADA), დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იქნება ორიენტირებული და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და წყლის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, პროექტი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, კლიმატის ცვლილების საკითხზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ეროვნული პლატფორმისა და რეგიონალური სამოქმედო ჯგუფების შექმნისა და სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარეებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ითანამშრომლებს ოთხი სამიზნე რეგიონის (გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ათ მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის აქტივობას ინკლუზიური მმართველობისა და სამართლიანი განვითარების მიმართულებით, მოახდენს წყლის უსაფრთხოებაზე მიმართული ინოვაციური პროექტების სარგებელის დემონსტრირებას, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას და მასთან ადაპტაციას, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ადვოკატირების საქმეში სამოქალაქო ორგანიზაციების როლის აღიარებასა და ცნობიერების ამაღლებას.