ტომ კრუზმა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მისი კარიერის განმავლობაში მოპოვებული 3 ოქროს გლობუსი დააბრუნა. ტომ კრუზს 2 ოქროს გლობუსი საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მოპოვებული აქვს ფილმებისთვის Jerry Maguire და Born on the Fourth of July, მესამე კი მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში Magnolia.

პროტესტის მიზეზი ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰოლივუდის უცხოური პრესის ორგანიზაციის ირგვლივ აგორებული სკანდალი გახდა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ჟურნალისტთა და ფოტოგრაფთა არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1944 წლიდან ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ატარებს. საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ორგანიზაციის 87 წევრს შორის ერთი შავკანიანი წევრიც კი არ არის. ამასთანავე, ორგანიზაცია კრიტიკის ქარცეცხლში პრესკონფერენციებზე სექსისტური, რასისტული და ჰომოფობიური კითხვების დასმის ბრალდებითაც გაეხვა.

ტომ კრუზი ერთადერთი მსახიობი არაა, რომელმაც ორგანიზაციას პროტესტი გამოუცხადა. ორგანიზაცია სკარლეტ იოჰანსონმა და მარკ რუფალომაც გააკრიტიკეს.

"მსახიობს ფილმის პოპულარიზაციის მიზნით დაჯილდოების ცერემონიებსა და პრესკონფერენციებზე დასწრება ევალება. წარსულში ეს ხშირად ჰოლივუდის უცხოური პრესის ორგანიზაციის ზოგიერთი წევრისგან სექსისტური კითხვებისა და ფრაზების მიღებას გულისხმობდა, რაც სექსუალურ შევიწროვებაშიც კი გადაიზრდებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო უამრავი წელია, მათ კონფერენციებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ვაცხადებ... სანამ ორგანიზაციის შიგნით ფუნდამენტური რეფორმები არ გატარდება, ვთვლი, რომ ორგანიზაციას უნდა ჩამოვშორდეთ და ჩვენი გაერთიანებებისა და მთლიანად ინდუსტრიის ძალასა და ერთიანობაზე ვკონცენტრირდეთ", — აცხადებს სკარლეტ იოჰანსონი.

ორშაბათს NBC-მა განაცხადა, რომ 2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ეთერში არ გაუშვებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გატარდეს. მიუხედავად ამისა, მსგავსი მასშტაბის ცვლილებებს დრო და მუშაობა უნდა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ორგანიზაციას ამ ყველაფრის სწორად გასაკეთებლად დრო დასჭირდება. შესაბამისად NBC 2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ეთერში არ გაუშვებს, — აცხადებენ NBC-ში.