სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებს საჯაროდ გაემიჯნოს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ძალადობას. ასევე, მიიღოს შესაბამისი ზომები მოძალადე სასულიერო პირების მიმართ შიდა საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.

"ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულის არაერთი სამწუხარო ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ძალადობის პრაქტიკის ხასიათს იღებს. ამ ინციდენტებში მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობა კი ძალადობის ნორმალიზებასა და წახალისებას ახდენს და ეკლესიის გავლენების გათვალისწინებით, სოციალურ მშვიდობას არღვევს", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 7 მაისს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის მიერ მთავრი არხის ჟურნალისტის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას; 6 მაისს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მძღოლის მიერ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფას; 4 მაისს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულის, ივერი მელაშვილისა და მთავარი არხის გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ სასულიერო პირების მუქარასა და აგრესიას; 25 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებას.

"სამწუხაროდ, ძალადობის ზემოთ ნახსენებ შემთხვევებზე საგამოძიებო ორგანოებს ამ დრომდე ეფექტიანი რეაგირება არ მოუხდენიათ. ძალადობის ჩამდენი სასულიერო პირების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის დაბარებულები გამოძიებაში და მათ ამ დრომდე არ დაკისრებიათ პასუხისმგებლობა [...] საგამოძიებო ორგანოების დემონსტრაციული პასიურობა და არაეფექტიანობა ცხადია, რომ ამგვარ ძალადობას ახალისებს და მის ნორმალიზებას ახდენს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აგრესიის ობიექტები ძირითადად ოპოზიციური მედიები ხდებიან, ამის მიზეზად კი ხელისუფლების რიტორიკასა და პოლარიზაციას ასახელებენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ სასულიერო პირების, მათ შორის, მაღალი იერარქიის წარმომადგენლების მონაწილეობით გახშირებული ძალადობის შემთხვევები საპატრიარქოში არსებული კრიზისის შედეგია, რაც ინსტიტუციურ რეფორმას საჭიროებს.

"ეკლესიის, როგორც ინსტიტუციური სისტემის წიაღში დაგროვებული სისტემური პრობლემები, მათ შორის, პოლიტიკურ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვა, საპატრიარქოს პოლიტიზირება და უკონტროლო პოლიტიკური პრივილეგიები, ფინანსური და მატერიალური რესურსების ჭარბი აკუმულაცია მაღალი იერარქების შიგნით და ამ ფონზე შექმნილი სოციალური გაუცხოება, განათლების მკვეთრად დაბალი დონე სასულიერო პირებში და სიძულვილზე, სოციალურ იერარქიებზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური და სოციალური ხედვები, წლების განმავლობაში არარეფლექსირებული და გადაუჭრელი რჩებოდა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთ ეპარქიაში შექმნილი ნახევარ-კრიმინალური პრაქტიკები (განსაკუთრებით რუის-ურბნისის ეპარქიაში), რომელიც სრულად დაუსჯელი და ხელშეუხებელი რჩება, როგორც სახელმწიფოს, ისე საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენ ასევე არაერთხელ გვინახავს მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობით ან დაშვებით/ შეწყნარებით ორგანიზებული მასშტაბური სოციალური ძალადობის შემთხვევები ჩვენს საზოგადოებაში (მაგალითად, 17 მაისი და ლგბტი ადამიანების დევნის არაერთი ეპიზოდი)", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და სამართლიანად გამოიძიოს ყველა ჩამოთვლილი საქმე. განსაკუთრებით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები და მათ შესაბამისი კვალიფიკაცია მისცეს; შინაგან საქმეთა სამინისტროს — გაზომოს ძალადობის შესაძლო რისკები და მიიღოს ადეკვატური პრევენციული ზომები; მთავრობასა და პარლამენტს — დაამკვიდრონ დემოკრატიულ პრინციპებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურა; საპატრიარქოს — გაემიჯნოს სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილ ძალადობრივ შემთხვევებს.