2019 წელს ჟურნალ Biology Letters-ში მოხსენება გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებდა, რომ კრაზანებს ლოგიკურად მსჯელობის უნარი აქვთ. ახლა კი, ჟურნალ Biological Reviews-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს მოუსვენარი მწერები ადამიანებისთვისაც საკმაოდ სასარგებლონი არიან.

"ცხადია, რომ კრაზანებთან არც ისე კარგი ემოციური კავშირი გვაქვს. ადამიანისა და კრაზანას ურთიერთობა ხშირად უსიამოვნოა, რადგან ისინი ყოველთვის გვიკარგავენ მოსვენებას პიკნიკებზე და ჩვენს სახლებში იბუდებენ", — განმარტა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა, სირიან სამერმა.

მიუხედავად ამისა, აქტიურად უნდა ვეცადოთ კრაზანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლას და ამით გავუფრთხილდეთ იმ ეკოლოგიურ სარგებელს, რომელიც მათ ჩვენი პლანეტისთვის მოაქვთ. აღსანიშნავია, რომ ფუტკრების მსგავსად, კრაზანების რაოდენობაც საგრძნობლად იკლებს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კრაზანებს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ისინი ამტვრიანებენ მცენარეებს, მათი გამოყენება შეიძლება როგორც მავნებლების კონტროლისთვის (ინსექტიციდების გამოყენების გარეშე), ასევე სამედიცინო კვლევებისთვის (მაგ. იმ კვლევებისთვის, რომლებიც კიბოს მკურნალობაზეა ორიენტირებული).

სამერის აზრით, აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმის გააზრება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვთ კრაზანებს პლანეტის ეკოსისტემების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის და, ვეცადოთ, შევუშალოთ ხელი მათი პოპულაციების შემცირებას.

სამერის კვლევის მიხედვით, კრაზანები მინიმუმ 960 სახეობის მცენარეებს სტუმრობენ. მათგან 164, მათ შორის ორქიდეები, დამტვრიანებისთვის ბოლომდე ამ არსებებზე არიან დამოკიდებულნი.

გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, კრაზანების დიდი ნაწილი არ იკბინება. National Geographic-ის მიხედვით, "ყველა მათგანს, მავნებელი მწერების კონტროლით, იმაზე ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის, ვიდრე ზიანი".

და მაინც, რატომ აქვთ კრაზანებს ასეთი ცუდი რეპუტაცია? — ალბათ ამის მიზეზი, მათი მტკივნეული ნაკბენის გარდა ისიც არის, რომ ამ მწერების დადებით მხარეებზე ადამიანების დიდმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. თუმცა, სამერი იმედოვნებს, რომ მისი შრომა კრაზანების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას დადებითისკენ შეცვლის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კველავა ჟურნალ Biological Reviews-ში გამოქვეყნდა და იგი დაახლოებით 500 სამეცნიერო მოხსენებას ეფუძნება მკბენარი კრაზანების შესახებ.