ავღანეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაღუპულია ათეულობით ადამიანი. Reuters-ის ცნობით, 8 მაისს სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, დაშავდა სულ მცირე 165 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება საიეიდ-ულ-შუჰადა სკოლის წინ მოხდა, ხოლო მომდევნო ორი მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა მომხდარში თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ დაჯგუფების წარმომადგენელმა მათი ჩართულობა უარყო.

აფეთქება იყო ავღანეთში 10 მაისსაც. Reuters-ის ცნობით, შემთხვევა ავტობუსში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.