იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელურ პოლიციას შორის დაპირისპირება განახლდა. როგორც BBC წერს, ძველ ქალაქში, დამასკოს კარიბჭესთან პალესტინელებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, ხოლო ოფიცრებმა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია ათობით ადამიანი.

შეტაკებები უკვე მეორე დღეა გრძელდება. დაპირისპირება პარასკევს საღამოს დაიწყო, რა დროსაც პირველ ღამეს 200-ზე მეტი პალესტინელი და 17 ისრაელელი პოლიციელი დაშავდა. უკვე შაბათ ღამეს 90-მა პალესტინელმა და სულ მცირე ერთმა პოლიციელმა მიიღო დაზიანებები.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

კონფლიქტის მიზეზი გახდა ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილიდან პალესტინელი ოჯახების გამოსახლების საფრთხე. აღნიშნულ საქმეზე ისრაელის უზენაეს სასამართლოში პროცესი 10 მაისს უნდა ჩატარდეს.

ალ-აქსის მეჩეთი იერუსალიმში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისლამური ადგილია, რომელიც ებრაელებისთვისაც წმინდა ადგილს წარმოადგენს, როგორც ტაძრების მთა. ეს ადგილი ხშირად ხდება დაპირისპირების ლოკაცია, როგორც ამ შემთხვევაში, როცა მუსლიმები რამადანის ბოლო პარასკევის აღსანიშნავად მივიდნენ.

შაბათს შეტაკებები განახლდა დამასკოს კარიბჭესთან მას შემდეგ, რაც ათასობით მუსლიმმა ალ-აქსას მეჩეთთან ილოცა. მანამდე ისრაელის პოლიციამ გააჩერა ავტობუსები, რომლებსაც მომლოცველები მეჩეთისკენ გადაჰყავდა და რამდენიმე პალესტინელი დააკავა.

ახლო აღმოსავლეთის მოლაპარაკებებში მონაწილე აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო შეშფოთებას გამოხატავენ მზარდი ძალადობის გამო. ამასთან, იორდანიამ დაგმო ისრაელის პოლიციის ქმედებები და ხელისუფლების ქმედებებს "ბარბაროსული" უწოდა.