დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდნენ და ფარული მოსმენის განხორციელებაზე საკუთარი ინიციატივა გააცნეს.

ენმ მიიჩნევს, რომ მათი მოდელი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოების ინტერესებს დაიცავს.

"ეს ინიციატივა ნამდვილად საინტერესოა, გარკვეული დეტალები გავიარეთ, თუმცა რაღაც დეტალები დავამატეთ. ეს ინიციატივა იმდენად საინტერესოა, რომ ამით დაინტერესება შეიძლება, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა არსებობს. აუცილებელია არსებობდეს მექანიზმი, რომ მოსმენების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დასრულდეს" - აცხადებს ნანუაშვილი .

ფარულ მოსმენებთან და კავშირებით ენმ-ს ინიციტივის პრეზენტაცია ზაზა ბიბილაშვილმა 22 თებერვალს გააკეთა. ინიციატივა გულისხმობს ე.წ. 2 გასაღების პრინციპს და პროცესზე მონიტორინგის აუცილებლობას, რომლის მონაწილეებიც სახალხო დამცველი, 1 სახელისუფლებო და 1 ოპოზიციის დეპუტატი იქნება.

ენმ-ის ინიციატივა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  1. შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. იგი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ფარული მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს განთავსებული;
  2. ორი გასაღების პრინციპი - ერთი ზემოაღნიშნული უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში. ორივე ამ გასაღების ჩართვაა საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.
  3. სახალხო დამცველს, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ერთ და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებიდან ერთ წევრს მიეცეთ ფარული მოსმენების მონიტორინგის და კანონიერების შემოწმების უფლება - სახალხო დამცველს და პარლამენტის ორ წევრს (ერთს შეარჩევს უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო ოპოზიცია) ექნებათ შეუზღუდავი (დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ხანგრძლივობით) წვდომა ადგილზე იმ ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საიდანაც ხდება ფარული მოსმენა და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებთან (სამართალდამცავი ორგანოს შუამდგომლობა სასამართლოსადმი და სასამართლოს გადაწყვეტილება; ან დადგენილება გადაუდებელი ფარული მოსმენის თაობაზე და შემდგომი სასამართლო თანხმობა), რის საფუძველზე ხდება მოსმენის განხორციელება. ამ პირებს მიენიჭებათ უფლებამოსილება მობილური ოპერატორებისგან მიიღონ ინფორმაცია შესაძლო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. მონიტორინგის განმახორციელებელი ზემოაღნიშნულ პირებს მიყურადების ქვეშ მყოფი საუბრის შინაარსზე დაშვება აქვთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად ვერ ხერხდება მიყურადების კანონიერების შემოწმება. ეს პირები ხელს აწერენ ინფორმაციის გაუთქმელობის დოკუმენტს. ამ ინიციატივით იქმნება ფარული მოსმენის კანონიერების შესწავლის ეფექტური მექანიზმი.